29 October 2010

არც ისე საშიში დღე მეზღაპრესთან ერთად! – ანონსი

ხვალ, 11 საათზე ლიგამუსში ყველაზე უშიშარ ბავშვებს ველოდები. ყველაფერი რაც იმ ორ საათში მოხდება არ უნდა გამოტოვო. ზღაპარი, ღამურები, თამაშები, კანფეტები, შავი კატები, მხიარულება, ბრაზიანი სახეები, ფერადი წიგნები ...
მოდი ლიგამუსში თუ გეყოფა გამბედაობა!

27 October 2010

ლიგამუსის საბავშვო თეატრალური წრე



თეატრის სამყარო განსხვავებული და იდუმალია. მასში არ არსებული და რეალური ერთად თანაარსებობენ. ამ სამყაროში წარმოსახვა ყველაფერს ხდის შესაძლებელს.
თუ ხარ 6–დან 12 წლამდე მოზარდი – დაფიქრდი, გინდა გახდე ამ სამყაროს ნაწილი?
შედი ლიგამუსის ბლოგზე, სადაც ამ წრის შესახებ ბევრი ინფორმაცია დევს.
ისევ დაფიქრდი...
თუ იცნობ ადამიანს 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის, რომელსაც ყოველთვის აინტერესებდა რა ხდევა სცენის უკანა მხარეს, მასაც მოუყევი ლიგამუსის თეატრალური წრის შესახებ.
ერთად დაფიქრდით, გინდათ გახდეთ ამ სამყაროს ნაწილი?
მოდი შაბათს ლიგამუსში 2 საათზე და უბრალოდ შენი თვალით ნახე რა ხდება ამ წრეზე, რომ უკეთ მიხვდე გაინტერესებს თუ არა.
კიდევ ერთხელ დაფიქრდი ... და მიიღე გადაწყვეტილება.
ივლი ლიგამუსის საბავშვო თეატრალურ წრეზე?

22 October 2010

თბილისობა 2010 – მეზღაპრე ავად გახდა

 გუშინ საღამოს სიცხემ მომცა :(  ამბობენ საშინელი გრიპი დადის ქალაქშიო და აი, მგონი მე შემომხვდა და ავად გამხადა. თქვენც რომ არ გადმოგდოთ, დღევანდელი შაბათის ზღაპრის დღე აღარ ჩატარდება. მე თბილისობას სახლში გავატარებ. თქვენ კი იმედია, ცუდი ამინდის მიუხედავად, მხიარული და საინტერესო დღე გექნებათ!

21 October 2010

ქართული ზღაპრები II და III - მიმოხილვა

რამდენიმე დღეა უკომპიუტეროდ ვცხოვრობ და ისეთი უცნაურია... ამიტომ ბლოგზეც მხოლოდ მაშინ ვახერხებ შემოსვლას, როდესაც ვინმეს კომპიუტერთან მოვხვდები.
ამდენი ხნის შემდეგ კი მინდა მოგიყვეთ ბოლო ორი შაბათის ზღაპრის დღის ამბები.
9 ოქტომბერს შევიკრიბეთ ბალახივით მწვანე ხალიჩაზე და წავიკითხე ”ჩემი საყვარელი ზღაპრების” სერიიდან ქართული ზღაპარი ”ასფურცელა”.
ამ ზღაპრის მიხედვით დავხატეთ სამგანზომილებიანი თეატრი. ამისთვის დავიხმარეთ პალიტრა L-ის ”დიდი წიგნი ხელოვნებაზე”, რომელშიც ახსნილია, რომ სამგანზომილებიანი თეატრი ერთმანეთის უკან განლაგებული ფურცლებით არის შედგენილი და ამის წყალობით დეკორაციები სრულიად რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.


შემდეგ შაბათს, ანუ 16-ში კი წავიკითხე ვაჟა-ფშაველას მოთხრობა ჩხიკვთა ქორწილი, რომელიც ”ჩემი საყვარელი ზღაპრების” სერიის წიგნებში ვიპოვე.

გადავინაცვლეთ მაგიდებთან და ყველამ ერთად დავხატეთ დიდ ფორმატზე ნახატი, სადაც იყო გამოსახული მზე,ცა,ზღვა,მიწა და ხე. ეს ნახატი კედელზე გავაკარით და ამის შემდეგ ყველა ბავშვმა დაიწყო პატარა ფურცლებზე სხვადასხვა ფრინველის, ცხოველის, თევზისა და ქვეწარმავლის ხატვა. ეს ნახატები გამოვჭერით და მივაკარით დიდ ფორმატზე იმ ადგილებში სადაც ისინი ბინადრობენ: თევზები - წყალში, ჩიტები - ცაში, ჭიები და თხუნელა - მიწაში, ციყვი - ხეზე და ა.შ.
ჩვენი კოლაჟი საბოლოოდ ასეთი გამოვიდა:




20 October 2010

ბლოგის ახალი გაფორმება


უკვე მეორე კვირაა კომპიუტერი გაფუჭებული მაქვს. ყოველ დღე იმ იმედით ვიღვიძებ, რომ აი ეს დღე იქნება ის დღე, როდესაც კომპიუტერი გამიკეთეს. სამწუხაროდ ჯერჯერობით ის ისევ გაფუჭებულია.
ამ მიზეზით ვეღარ ვდებ ახალ ჩანაწერებს ბლოგზე. დღეს კი ლიგამუსის კომპიუტერთან მოვხვდი. ბლოგის დიზაინი განვაახლე: პროფილის სურათი შევცვალე და ჰედერის სურათიც ახალი დავაყენე (ბლოგის თავში, რომ არის ის).
მაინტერესებს რამდენად მოგწონთ ბლოგის ახალი გაფორმება. დამიტოვეთ კომენტარები!!
მინდა მადლობა გადავუხადო ია მახათაძეს, ჩემს მამიდაშვილს, რომელმაც ეს ნახატები სპეციალურად ჩემთვის შექმნა. თქვენი არ ვიცი, მე ისინი ძალიან მომწონს!
მადლობა, ია!

სხვათა შორის, მალე დაიბეჭდება სანიშნები ამ ნახატით. ლიგამუსის მაღაზია სანიშნს აჩუქებს ყველას ვინც საბავშვო წიგნს შეიძენს.

04 October 2010

ქართული ზღაპრები და მულტფილმები I - მიმოხილვა

ამ შაბათსაც მხოლოდ ბიჭები მოვიდნენ. სად ხართ გოგოებო?
წავიკითხეთ ქართული ზღაპარი "წიქარა" წიგნიდან ჩემი საყვარელი ზღაპრები 1. ამის შემდეგ ბავშვებმა დახატეს სხვადასხვა ნახატები, მაგალითად ივამ ზღაპრის პერსონაჟები დახატა.
ამის შემდეგ ჩამოვსხედით სავარძელზე და ვუყურეთ ქართულ მულტფილმებს:

ბომბორა. ეს ის ბომბორაა, რომლის პარკიც არის მთაწმინდაზე. ის ძველი მულტფილმების პერსონაჟია. ვფიქრობ ისინი ნანახი უნდა გქონდეს თუ მის პარკში გართობა გიყვარს.


ბომბორა სწავლას იწყებს


საზამთრო. ეს ჩემი ბავშვობის ერთერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმია. სამწუხაროდ ხარისხი კარგი არ აქვს. დაძველდა ფირი და მულტფილმმაც დაკარგა ფერები და სილამაზე. თუმცა მუსიკა ისევ ისეთი სასიამოვნო მოსასმენია. ამბავიც ბევრის მთქმელია. უყურე და შენთვითონ გამოიტანე დასკვნა, რას გვასწავლის ეს მულტფილმი?


მულტფილმების ყურების შემდეგ გირლიანდის კეთება დავიწყეთ, რომ ოთახის ფანჯარა მოგვერთო. მხოლოდ ერთი გირლიანდა მოვასწარით. პირველი საათი გახდა და მეზღაპრის წასვლის დროც მოვიდა...შემდეგ შაბათის 11 საათამდე.

01 October 2010

ქართული ზღაპრები და მულტფილმები I - ანონსი


ხვალ ისევ 11 საათზე გელოდებით მწვანე ხალიჩაზე ქართული ზღაპრების წიგნით ხელში. მზად მექნება პროექტორიც, რომ ზღაპრის შემდეგ მულტფილმებს ვუყუროთ – ქართულს.
მაგიდებზე კი მომზადებულს დაგახვედრებთ ფერად ფურცლებს, ძაფს და მაკრატლებს. ნამდვილი ელფები გავხდეთ და ოთახისთვის ლამაზი დეკორაცია შევქმნათ ყველამ ერთად.