წიგნების სამყარო

თუ გამომყვები ერთად დავეწევით თეთრ კურდღელს, გზად გაგაცნობ ფერიებს, შევებრძოლებით ბოროტ ჯადოქარს, ვიპოვით ფუსუსუნას, დავუმეგობრდებით ჯუჯებს. ამ თავგადასავლებში რაც უფრო მეტნი ვიქნებით მით უფრო მეტად გავერთობით.
ეს ბლოგი შევქმენი თქვენთვის: ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის, იმათთვის ვინც ატარებს დროს ბავშვებთან და უნდა, რომ საინტერესო და სახალისო აქტივობებით დაამახსოვროს მათ თავი და იმათთვისაც ვინც ასაკით უკვე ისეთი დიდია, რომ ფრენას ვეღარ შეძლებს, მაგრამ ჯერ მაინც არ დავიწყებია, რომ ოდესღაც ბავშვი იყო.
მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში ვმუშაობ მეზღაპრედ. ეს მაღაზია მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 32-ში. შაბათობით 11-დან 13 საათამდე ბავშვებს ვუკითხავ სხვა და სხვა წიგნს და შემდეგ ზღაპრის თემიდან გამომდინარე აქტივობებს ვაკეთებინებ, მაგალითად ერთხელ დავამზადეთ ერთჯერადი თეფშებისგან ანგელოზები, შევქმენით მოკლე მეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, დავხატეთ ფუსუსუნები და რამდენი შაბათიც იყო იმდენი ახალი და საინტერესო რაღაც გავაკეთეთ.
ამ ბლოგზე ყოველ პარასკევს დავპოსტავ შაბათის კითხვის დღის გეგმას, ორშაბათობით კი განვლილი შაბათი დღის მიმოხილვას, რომელშიც დეტალურად მოგიყვები რა და როგორ გავაკეთეთ. კვირის განმავლობაში კი დავპოსტავ უკვე ძველი კითხვის დღეების შესახებ, საინტერესო საიტებისა და ბლოგების შესახებ, მოგაწვდი ინფორმაციას ახალ და ძველ საბავშო წიგნების შესახებ, მოკლედ ვეცდები გზა გაგიკვალო საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებისაკენ.
გამომყევი...