08 April 2011

9 აპრილი – ანონსი

 ხვალ, 9 აპრილს სახელმწიფო დასვენების დღეა, ამიტომ "ზღაპრის დღე" არ ჩატარდება.
მომდევნო შაბათს კი ისევ ლიგამუსში დაგხვდებით.

22 March 2011

გაზაფხული – მიმოხილვა

წინა შაბათს ბავშვები გაზაფხულის დადგომის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ლიგამუსში. პირველ რიგში ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა გაგვეგო წელიწადის დროები როგორ გაჩნდნენ. ამიტომ მაღაზიის წიგნებს გადავხედე და გამომცემლობა ”კოდალას წიგნები”-ს წიგნი ”ბერძნული მითები” გადავფურცლე.
ამ წიგნის ერთი თავი წავუკითხე ბავშვებს და ამიერიდან მათ უკვე იციან ვინ არის პერსეფონე, ჰადესი და დემეტრა, ასევე იციან შიკრიკის ფუნქცია და ისიც თუ როგორ წარმოიშვა წელიწადის დროები ძველი ბერძნების მიხედვით.

შემდეგ ბავშვებს ვაჩვენე ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ნახატი: სანდრო ბოტიჩელის ”პრიმავერა”
სანდრო ბოტიჩელი იტალიელი მხატვარი იყო და მისი ეს შედევრი დღეს იტალიის ქალაქ ფლორენციის მუზეუმში ინახება. ”პრიმავერა” იტალიური სიტყვაა და გაზაფხულს ნიშნავს. 

გაზაფხულის ფერებში ხატვა ყოველთვის ლამაზ შედეგვს გვაძლევს. ავიღეთ კალკის ფურცელი და დავკუჭეთ, შემდეგ ისევ გავშალეთ და ფლომასტერი გადავუსვით ფურცელზე გაჩენილ ხაზებს.

 

ასე დაიხატა მრავალი გეომეტრიული ფიგურა კალკის ფურცელზე. ეს გეომეტრიული ფიგურები კი გავაფერადეთ ბრჭყვიალა საღებავებით.
ესეც გაზაფხულის ფერები:

და ბოლოს, დისნეის მოკლემეტრაჟიანი მულტფილმები გაზაფხულის თემატიკის ირგვლივ:


18 March 2011

გაზაფხული – ანონსი

უკვე რამდენიმე დღეა დათბა და უკვე განცდა მაქვს, რომ ბუნება მართლაც იწყებს გამოღვიძებას.
ხვალ 11 საათზე ბავშვების ოთახში გელოდებით...

11 March 2011

მხიარული ფიზიკა - ანონსი

14 მარტს ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანის დაბადების დღეა და მინდა ის გაგაცნოთ. მას ალბერტი ერქვა და ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც გენიოსად მიიჩნევს.
ის ფიზიკოსი იყო და ხვალ მინდა გაჩვენოთ რამდენად სახალისოა ფიზიკა. ამიტომ ხვალ ექსპერიმენტებს ჩავატარებთ, დავსვამთ უამრავ კითხვას და ვეცდებით რომ პასუხები ვიპოვოთ მათზე.

25 February 2011

დედის დღე - ანონსი


ხვალიდელ ზღაპრის დღეს დავუთმობთ დედებისთვის საჩუქრის გაკეთებას, რადგან მალე 3 მარტი - დედის დღე დადგება!

22 February 2011

მხიარული ოჯახი – მიმოხილვა

წინა შაბათს, ძალიან საინტერესო ორი საათი გავატარე. საბავშვო ოთახში სტუმრად მოსული ბავშვების ოჯახების შესახებ გავიგე ბევრი რამ და მათ გავაცანი ერთი ძალიან საინტერესო ნორვეგიული ოჯახი.
"იყო და არა იყო რა, ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი.." – ასე იწყება ამბავი ერთი მხიარული ოჯახისა, რომელიც ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალი სახლის ერთ ციცქნა ბინაში ცხოვრობს.
ნორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ქალმა, ანე–კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები "მთელი ნორვეგიის ბებიას" უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილსა და ხალისიან ოჯახზე.


წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებმა დახატეს თავიანთი ოჯახები. რამდენიმე მათგანი:





ამის შემდეგ გავაკარით კედელზე დიდი სახლი. ეს სახლი თავიდან ცარიელი იყო. ბავშვებმა ფურცლებზე დახატეს თავიანთი ოცნების ოთახი და ამ სახლში ჩააკრეს, ასე ავაშენეთ "ლიგამუსის ოცნების სახლი".

28 January 2011

მოვრთოთ ბავშვების ოთახი – მიმოხილვა


ხვალ 11 საათზე დავიწყებ წიგნის კითხვას, ასე რომ არ დაიგვიანო!
ზღაპრის მოსემნის შემდეგ,  ლამაზი გირლიანდების გასაკეთებლად ყველანი გადავინაცვლებთ მაგიდებთან. ამ გირლიანდებით კი მოვრთავთ ჩვენი ოთახის ფანჯრებს...

21 January 2011

ზღაპრის დღეები – ანონსი


ხვალ 11 საათზე გელოდებით "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში.
ტუმბოზე მედება საინტერესო წიგნი, მაგიდებზე დაგახვედრებთ ფლომასტერებს და კედელზე გავათავისუფლებ ადგილს, რომ შემდეგ გამოვფინოთ თქვენი ნამუშევრები.

17 January 2011

გილოცავ შობა – ახალ წელს ! – მიმოხილვა

უკვე 2011 წელია... 
ახალი წელიც დადგა, ბევრი საჩუქარი მივიღე და კარგად დავისვენე.
ახლა კი ისევ ვაგრძელებ "ლიგამუსში" ყოველ შაბათს ზღაპრის დღეების მოწყობას. ასე რომ გელოდები შაბათობით 11 საათზე, არ დააგვიანო!
წინა შაბათს, ანუ 15 იანვარს უკვე შევიკრიბეთ "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში. მწვანე ხალიჩაზე კოტრიალის დაწყებამდე, ერთმანეთი გავიცანით და მოვუყევით ჩვენი საახალწლო საჩუქრების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო, იმის გაგება რომ ძალიან ბევრმა საოცნებო საჩუქარი მიიღო.
შემდეგ ზღაპრის მოსმენის დროც მოვიდა. გადავშალე წიგნი სახელად "საშობაო მოთხრობები" და ამოვარჩიე  ან.წერეთელის მოთხრობა - ”გულმა იგრძნო”. კითხვა რომ დავასრულე, გადავინაცვლეთ მაგიდებისკენ, რომ რამე ლამაზი გაგვეკეთებინა. ამისთვის დავიხმარე ”კოდალას წიგნები”–ის გამომცემლობის წიგნი "რისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისაგან".
და აგერ შედევრებიც: