Showing posts with label საბავშვო წიგნები. Show all posts
Showing posts with label საბავშვო წიგნები. Show all posts

22 February 2011

მხიარული ოჯახი – მიმოხილვა

წინა შაბათს, ძალიან საინტერესო ორი საათი გავატარე. საბავშვო ოთახში სტუმრად მოსული ბავშვების ოჯახების შესახებ გავიგე ბევრი რამ და მათ გავაცანი ერთი ძალიან საინტერესო ნორვეგიული ოჯახი.
"იყო და არა იყო რა, ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი.." – ასე იწყება ამბავი ერთი მხიარული ოჯახისა, რომელიც ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალი სახლის ერთ ციცქნა ბინაში ცხოვრობს.
ნორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ქალმა, ანე–კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები "მთელი ნორვეგიის ბებიას" უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილსა და ხალისიან ოჯახზე.


წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებმა დახატეს თავიანთი ოჯახები. რამდენიმე მათგანი:





ამის შემდეგ გავაკარით კედელზე დიდი სახლი. ეს სახლი თავიდან ცარიელი იყო. ბავშვებმა ფურცლებზე დახატეს თავიანთი ოცნების ოთახი და ამ სახლში ჩააკრეს, ასე ავაშენეთ "ლიგამუსის ოცნების სახლი".

13 December 2010

პიტერ პენი და ფერიები – მიმოხილვა

წინა შაბათს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან განსაკუთრებული სტუმრები გვყავდნენ. რუსთავი ორის "საბავშვო ამბების" ჟურნალისტი და ოპერატორი გვეწვივნენ.
ამ კვირას, ანუ 19 დეკემბერს, 11 საათზე გავა სიუჟეტი ზღაპრის დღეების შესახებ.
მოუთმენლად ველოდები...


წინა შაბათის დღის თემა "პიტერ პენი და ფერიები" იყო. ბალახივით მწვანე ხალიჩაზე უამრავი ბავშვი მოკალათდა და სიამოვნებით მისმენდნენ, როგორ ვკითხულობდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალ წიგნს "პიტერ პენს".


წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი საჩუქარია ეს სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი.
შთამბეჭდავია. საინტერესო წასაკითხი და დასათვალიერებელი!
მაგრამ ერთი ძალიან ძალიან დიდი მინუსი აქვს: არარსებული კუნძული, რომელზეც პიტერ პენი ცხოვრობს დაკარგულ ბიჭებთან, პირატებთან, ინდიელებთან და წკრიალასთან ერთად, ნათარგმნია როგორც არა–იყო–რა კუნძული. მე როგორც ამ ნაწარმოების დიდი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვარ რომ ასეთი დიდებული ადგილის სახელი ასე თარგმნეს. თუმცა მესმის რომ სრულიად სუბიექტური დამოკიდებულებაა და თან ეს წიგნის ერთადერთი მინუსია. ამიტომ არ არის რთული დადებითად შევაფასოთ და შეგვიყვარდეს კიდეც ეს წიგნი.

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.
ჩვენ კი ისინი ერთჯერადი თეფშებისაგან გავაკეთეთ. თუ გაინტერესებს, როგორ კეთდება თეფშისგან ფერია ამ ბმულზე გადადი.


19 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– ანონსი


თუ მზად ხარ გახდე ასტრონომი, შაბათს 11 საათზე ლიგამუსის ბავშვების ოთახში მოდი და არ დაიგვიანო!
მუმინების ხეობაში დიდი პრობლემაა! ონდატრა ამბობს მალე კომეტა ჩამოვარდებაო! მუმინების შესახებ თუ მეტი გაინტერესებს, აი ეს პოსტი წაიკითხე. ხვალ კი გავეცნობით წიგნს სახელად "კომეტა მუმინების ხეობაში".
კომეტის ამბავს, ესე ხომ არ დავტოვებთ?!... უნდა რამე ვიღონოთ! ამისთვის კი ვფიქრობ უმჯობესია ხომალდი ავაგოთ და გავემგზავროთ კოსმოსში. ჩევნი თვალით ვნახოთ რა ხდება იქ.

11 November 2010

მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი – მიმოხილვა


წინა შაბათს, მოსულ ბავშვებთან ერთად, გავეცანი გამომცემლობა პალიტრა L–ის წიგნს სახელად "მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი".
მოლა ნასრედინი შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხური პერსონაჟია, უამრავი ანეგდოტის გმირი. ხუმარა და ენამოსწრებული ზოგჯერ ბრძენია, ზოგჯერ მიამიტი, ზოგჯერ კი სულელიც.
ეს წიგნი ძალიან სახალისო წასაკითხია. მოკლე ისტორიების მიუხედავად მაინც არ არის ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილი. ვფიქრობ საშუალოდ 9 წლის ბავშვმა უნდა თვითონ წაიკითხოს და თავისთვის ჩუმად იხითხითოს ან ხმამაღლა იცინოს.

მოლა ნასრედინი მოხერხებული ადამიანია. გადავწყვიტე, ჩვენც რომ გამოგვეცადა ჩვენი თავები, გვეთამაშა ისეთი თამაში რომელიც ბავშვებს შორის ყველაზე მოხერხებულს გამოავლენდა. ვითამაშეთ ჩაძირობანა. ჩვენს შორის ყველაზე მოხერხებული კი ანდრო აღმოჩნდა. მან თავის მოწინაღმდეგეებს ყველა გემი ჩაუძირა.

04 October 2010

ქართული ზღაპრები და მულტფილმები I - მიმოხილვა

ამ შაბათსაც მხოლოდ ბიჭები მოვიდნენ. სად ხართ გოგოებო?
წავიკითხეთ ქართული ზღაპარი "წიქარა" წიგნიდან ჩემი საყვარელი ზღაპრები 1. ამის შემდეგ ბავშვებმა დახატეს სხვადასხვა ნახატები, მაგალითად ივამ ზღაპრის პერსონაჟები დახატა.
ამის შემდეგ ჩამოვსხედით სავარძელზე და ვუყურეთ ქართულ მულტფილმებს:

ბომბორა. ეს ის ბომბორაა, რომლის პარკიც არის მთაწმინდაზე. ის ძველი მულტფილმების პერსონაჟია. ვფიქრობ ისინი ნანახი უნდა გქონდეს თუ მის პარკში გართობა გიყვარს.


ბომბორა სწავლას იწყებს


საზამთრო. ეს ჩემი ბავშვობის ერთერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმია. სამწუხაროდ ხარისხი კარგი არ აქვს. დაძველდა ფირი და მულტფილმმაც დაკარგა ფერები და სილამაზე. თუმცა მუსიკა ისევ ისეთი სასიამოვნო მოსასმენია. ამბავიც ბევრის მთქმელია. უყურე და შენთვითონ გამოიტანე დასკვნა, რას გვასწავლის ეს მულტფილმი?


მულტფილმების ყურების შემდეგ გირლიანდის კეთება დავიწყეთ, რომ ოთახის ფანჯარა მოგვერთო. მხოლოდ ერთი გირლიანდა მოვასწარით. პირველი საათი გახდა და მეზღაპრის წასვლის დროც მოვიდა...შემდეგ შაბათის 11 საათამდე.

30 September 2010

სიზმარა – ძველი ზღაპრის დღის მიმოხილვა


ქართული ზღაპარი "სიზმარა"  ჩემი ერთერთი უსაყვერლესი ზღაპარი იყო ბავშობაში, ბიძაჩემი მიყვებოდა ხოლმე. ახლა წიგნიც გამოვიდა, რომელსაც სიზმარა ჰქვია და მასში სრულად არის მოყოლილი მისი თავგადასავალი. 

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გავაკეთეთ კოლაჟი სახელად "ჩემი სიზმრები".

კოლაჟი არის (ფრანგ. coller - შეწებება) -- განსხვავებული ფორმების ნაწილებისგან ახალი მთლიანის შექმნა-შეკოწიწება. მაგ. კოლაჟი ხელოვნებაში შეიძლება შეიცავდეს ერთ მთლიან თაბახზე ან ტილოზე დაწებებულ საგაზეთო ამონაჭრებს, ბაფთებს, ზონრებს, ხელთნაკეთი ფერადი ქაღალდების ნაჭრებს, ფოტოებსა და სხვ.

ჯერ დავხატეთ ჩვენ ჩვენი სიზმარი, რომელიც ბოლოს ვნახეთ ან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდა, და შემდეგ ეს ნახატები და ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვექმნა საერთო ნამუშევარი. როგორი გამოგვივიდა თქვენ შეაფასეთ.


29 September 2010

შაბათის ზღაპრის დღეები გრძელდება – პირველი დღის მიმოხილვა

ამ შაბათს, დილით რვა საათზე გავიღვიძე. წვიმდა – ვიფიქრე თუ მალე არ გადაიღებს მარტო მომიწევს ბავშვების ოთახში ზღაპრების კითხვათქო. მალე გადაიღო წვიმამ, მაგრამ ცა მაინც მოღუშული ჩანდა. მარტოობის შიშით, ჩემს უმცროს ძმას (11 წლის) ვთხოვე წამომყოლოდა.
ესეთი უიმედო მივედი ლიგამუსში და სულ იმაზე ვფიქრობდი, არავინ რომ არ მოვიდეს, რა დავწერო ბლოგზეთქო, სიმართლე? რა სირცხვილია პირველივე დღე, რომ ჩაგივარდება!
ამ ფიქრებში აბნეული ვიყავი, როცა დამიძახეს:
"– მაღაზიაში ორი ბავშვია, მშობელთან ერთად და მეზღაპრეს ანუ შენ გკითხულობენო"
სანამ ახალ სტუმრებს ბავშვთა ოთახისკენ ვუძღვებოდი, სხვებიც მოვიდნენ. საბოლოოდ შვიდი ბავშვი შეგროვდა და უკვე ვიცოდი, რომ ამ პოსტის დაწერის დროს პრობლემა აღარ მექნებოდა.
ამ შვიდ ბავშვს შორის, ივაც იყო. ივა ჩემი მუდმივი სტუმარია, მის ნაირი ერთგული და მონდომებული ჯერ არავინ შემხვედრია. ამიტომაც მისი დანახვა ძალიან გამიხარდა.
როგორც ანონსში გითხარი, ქართული ზღაპარი წავიკითხე სახელად "ირმისა". ეს ზღაპარი არავინ იქ მყოფმა არ იცოდა და ყველა მონდომებით უსმენდა ირმისას თავგადასავლებს. ქართული ზღაპრები ყველამ კარგად არ იცის, მეც კი არ ვიცი ზოგიერთი, მაგრამ ძალიან ბევრი ზღაპარი გვაქვს, მაგალითად კომბლე, ნახევარქათამა, წიქარა, ასფურცელა და სხვა. მაგრამ იცოდე ყველა ზღაპარი რაც იცი ქართული არ არის, მაგალითად წითელქუდა ფრანდი მწერლის შარლ პეროს დაწერილია.
ზღაპრის შემდეგ, მწვანე ხალიჩიდან გადავინაცვლეთ მაგიდებისკენ. შევქმენით ორი პლაკატი, რომლის მიზანიც არის ინფორმაციის გავრცელება ზღაპრის დღის შესახებ.
ამ პლაკატების შესაქმნელად გამოვიყენეთ ვაშლის და კარტოფილის ანაბეჭდები, ჟურნალებიდან ამოჭრილი ქათალდები, ფლომასტერები და ფანქტები.



ეს პლაკატები შეგიძლია წიგნის მაღაზიაში ნახო, ერთი საბავშო წიგნების თაროებთან კიდია, მეორე კი ბავშვთა ოთახის კარზე.

02 April 2010

სააღდგომო მზადება - მიმოხილვა

საბავშო ბიბლიიდან რამდენიმე თავის წაკითხვის შემდეგ, ყველასთვის ნათელი გახდა რა დღესასწაულისთვის ვემზადებოდით. 

მართმადიდებელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ისინი ამ დღეს აღნიშნავენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. საქართველოში ეს დღესასწაული ძალიან პოპულარულია, რადგან საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მართლმადიდებელია. 

ეს დღესასწაული ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სხვა ქრისტიანულ რელიგიებში, მაგალითად კათოლიციზმში. სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტიანებს განსხვავებული ტრადიციები აქვთ. 

აი მაგალითად, საქართველოში წითელ პარასკევს, დღეს როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე აცვეს, ვღებავთ კვერცხებს წითლად და ვაცხობთ, ან ვყიდულობთ პასკებს. კვირას კი, აღდგომის დღეს, ერთმანეთს ვესალმებით და ვულოცავთ ამ დღესასწაულს ამ წინადადებით "ქრისტე აღსდგა!" და ამაზე გვპასუხობენ "ჭეშმარიტად!" (ეს ტრადიცია ასევე არსებობს სერბეთში, რუმინეთში და საბერძნეთში). ამავე დღეს წითელ კვერცხებსა და პასკას მივირთმევთ. წითელი კვერცხებისგან ყველა ირჩევს ერთ კვერცხს და შემდეგ ერთმანეთს უჭახუნებენ, ვისი კვერცხიც გატყდება ის აგებს კვერცხს და ის კვერცხი მოგებულის მფლობელობაში გადადის. წაგებულმა კი ახალი კვერცხი უნდა აირჩიოს. 

საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში კი კვერცხებს სხვადასხვა ფერად ღებავენ. მათ ასეთი ტრადიცია აქვთ, პარასკევი დღის შემდეგ ყველა ეკლესიის ზარი კვირამდე წყვეტს ფუნქციონირებას . ამბობენ რომ ეს ზარები რომში მიდიან სამოგზაუროდ და კვირას იქიდან ტკბილეული მოაქვთ. ამიტომ არის, რომ კვირა დილით ბავშვებს სახლში ბევრი ტკბილეული ხვდებათ. ეს ტკბილეული ხშირად კალათაში დევს და შედგება თეთრი, შავი ან რძიანი შოკოლადის კვერცხებისგან, კურდღლებისგან, ქათმებისგან და კიდევ ბევრი სხვა კანფეტებისგან.
ზოგიერთ კათოლიკურ ქვეყანაში ასევე აქვთ ასეთი ტრადიცია: ისინი ეზოში ან სახლში მალავენ შოკოლადის კვერცხებს და კვირა დილით ბავშვები ამ კვერცხებზე "სანადიროდ მიდიან", ვინც ყველაზე მეტ კვერცხს იპოვის ის ყველაზე მეტ შოკოლადს შეჭამს :) 

წინა შაბათს კვერცხები შევღებეთ განსხვავებული მეთოდით: უკვე კარგად მოხარშულ და გაციებულ კვერცხებზე დავხატეთ პასტელებით. შემდეგ ეს კვერცხები ჩავაწყვეთ ჯამში, რომელშიც იყო ძმარში გახსნილი საჭმლის საღებავი. ჩვენ სამი ფერი გვქონდა - წითელი, მწვანე და ყვითელი - და შესაბამისად სამი ჯამიც.



ერთი წუთი ვაცადეთ და ამოვიღეთ კვერცხები, ის ადგილები როლმებიც თეთრად გვქონდა დატოვებული საღებავით შეიღება და პასტელებით ნახატიც უფრო გამოიკვეთა. აი რა გამოგვივიდა:





შემდეგ კი ვითამაშეთ ასეთი თამაში: ბავშვები გაერთიანდნენ ერთ გუნდად, მათი მიზანი იყო კანფეტებით სავსე კალათა ეპოვათ, რომელიც ლიგამუსში სადღაც იყო დამალული . კვალზე დასაყენებლად პატარა ფურცლის ნაგლეჯი მივეცი რომელზეც ეწერა:
ბევრი ეძებეს თუ ცოტა, ბავშვების ოთახშივე რომ დგას ტუმბო, იმის ზედა თაროში იპოვეს კვერცხის ფორმის პატარა ყუთი, რომლშიც პატარა ფურცელზე ეწერა:
შემდეგ შემდეგი:
და კიდევ:
მას მერე, რაც ლიგამუსი მოიარეს, ყველა წიგნის უკან დაათვალიერეს და იხმაურეს, როგორც ბავშვებს შეეფერებათ, ისევ ბავშვების ოთახში დაბრუნდნენ. ამ ოთახში არის კარი, რომელზეც ჩინური წარწერებია შემორჩენილი იმ შაბათიდან, როდესაც ავღნიშნავდით ჩინურ ახალ წელს. ამ კარის გაღებამ გამოიწვია ისევ ხმაური და ყველა გამოცვივდა ხელში კალათით, ხომელშიც ბევრი კანფეტი და შოკოლადის კვერცხები ეყარა.





წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს !

25 March 2010

ანდერსენის ზღაპრების დღე - მიმოხილვა


ჰანს კრისტიან ანდერსენი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი მეზღაპრე. 
მისი ზღაპრები 150-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მათი მიხედვით ძალიან ბევრი მულტფილმი და კინოფილმი გადაიღეს და სპექტაკლი დაიდგა. მისი ზღაპრებია "მამაცი კალის ჯარისკაცი", "თოვლის დედოფალი", "პატარა ქალთევზა", "ნამცეცა" და "საძაგელი იხვის ჭუკი". 
ანდერსენი დაიბადა 1805 წელს დანიაში, ერთ ღარიბ ოჯახში. ის ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ამის გამო მას მოუწია, რომ სკოლაში სიარული შეეწყვიტა.  
ანდერსენს ძალიან უყვარდა წიგნები და კითხულობდა ყველაფერს რასაც პოულობდა. ის ოცნებობდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი, ამისთვის კოპენჰაგენში წავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 
ანდერსენით დაინტერესდა მეფე ფრიდერიკ VI. მეფე მფარველობდა ანდერსენს. სასწავლებლად გრამატიკის სკოლაში გაგზავნა. ამის შემდეგ დაიწყო ანდერსენმა წიგნების გამოცემა, მან ლექსების კრებული და ზღაპრების წიგნებიც კი გამოაქვეყნა.  
ანდერსენი ზღაპრებს უფროსებისთვის წერდა, მაგრამ მათ პოპულარულობა ბავშვებში მოიპოვეს. ანუ ბავშვები დაინტერესდნენ და გაეცნენ მის ზღაპრებს და მათ შეიყვარეს ისინი. 
1875 წელს კი ანდერსენი გარდაიცვალა და დაკრძალეს კოპენჰაგენში.

ადრეც მინდოდა შაბათის კითხვის დღეზე ანდერსენის ზღაპრები წამეკითხა, მაგრამ წიგნი ვერ ვიპოვე და ამიტომ ხელი მქონდა ჩაქნეული სანამ ლიგამუსის თაროზე, რომელიც განკუთვნილია ახალი წიგნებისთვის შევამჩნიე ეს წიგნი:



ეს წიგნი რომ არა, არანაირი ანდერსენის დღე არ იქნებოდა, რადგან არ არსებობს ანდერსენის კრებულის ალტერნატივა. თუმცა სიმართლე გითხრათ წიგნზე არ ვგიჟდები, ვფიქრობ ნახატების ბრალია, მე მგონი ფერები არ მომწონს... მოკლედ ვერ ვხვდები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მაინც ანდესნენის წიგნია და ის რაც თეთრზე შავად წერია ძალიან შთამბეჭდავია. როგორც მეზღაპრე ვფიქრობ ოჯახში სადაც ერთი ბავშვი მაინც არის აუცილებლად უნდა იყოს ანდესენის წიგნი მშობლიურ ენაზე!!

"შეუპოვარი კალის ჯარისკაცი" წავიკითხე. შემდეგ, ამ ზღაპრის მიხედვით დახატულ დისნეის მულტფილმს ვუყურეთ, რომელიც ცოტათი განსხვავდება ორიგინალისგან, მაგალითად დასასრული სხვადასხვა ნაირი აქვთ.


ამის შემდეგ რა გავაკეთეთ? 
ანდერსენის ამ წიგნშივე წერია ზღაპარი სახელად "შიშველი მეფე" და ეს ზღაპარი წავიკითხე. ამ ზღაპრის მიხედვით ბავშვებს უნდა შეექმნათ კომიქსი.
რა არის კომიქსი? 
აი ეს განმარტება ვიპოვე: კომიქსი ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა. 
ანუ, აი, ეს არის კომიქსი:


როგორ უნდა დახატო კომიქსი, და სხვადასხვა ხერხები და ხრიკები მოცემულია წიგნში "დიდი წიგნი ხელოვნებაზე". იქაც ცოტა ჩავიხედეთ და გაჩაღდა მუშაობა. როცა ჩვენმა მხატვრებმა მოამთავრეს მუშაობა, თავიანთი ნამუშევრები წაიღეს, მხოლოდ ალექსანდრემ (9 წლის) დაგვიტოვა და კედელზეც საპატიო ადგილას ჩამოვკიდეთ. აი ისიც:

17 March 2010

მოგზაურობა მუმინების ხეობაში


"- თითქოს ჩვეულებრივი ქუდია, - აღნიშნა სნორკმა, - რასაკვირველია, თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია."
ჯადოქრის ქუდი- ტუვე იანსონი

"I ONLY WANT TO LIVE IN PEACE AND PLANT POTATOES AND DREAM!"*
მუმინები; კომიქსი - ტუვე იანსონი





ეს წაიკითხე ძალიან დაგაინტერესებს! 
ეს წიგნი კლასიკაა, აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული! 
ამ ავტორის არაფერი გაქვს წაკითხული?! აუცილებლად წაიკითხე! 
ეს შედევრია!

პატარაობიდანვე ვიცით, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ. ვიცით თუ რომლებია კარგი წიგნები, შედევრები.

მართლაც, ამ წიგნებს რომ ვკითხულობთ, ისინი გვიყვარდება, გვანცვიფრებენ და ჩვენც ვხვდებით, თუ რატომ ლაპარაკობენ ამდენს მათზე.

თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისეც მომხდარა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი წიგნი ამიღია და წამიკითხავს იმიტომ, რომ საინტერესო ან უბრალოდ სასაცილო სათაური აქვს, ან იმიტომ რომ მეტი წიგნი არ დევს თაროზე. თუმცა ამას არანაირი მნოშვნელობა აქვს... 
ორჯერ თუ სამჯერ, ასეთი წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე: კი მაგრამ აქამდე სად ვიყავი? რატომ არავინ მითხრა ამ წიგნის შესახებ? შედევრი აღმოვაჩინე, რომელზეც ჯერ არავინ ლაპარაკობს!  
ეს ფიქრები ცოტა ხნის წინაც გამიჩნდა, როდესაც ტუვე იანსონის წიგნი "კომეტა მუმინების ხეობაში" წავიკითხე. ეს წიგნი ლიგამუსში იყიდება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გასაყიდად დევს თაროზე. ტუვეს ნაწარმოებები დიდი პოპულარულობით არ გამოირჩევიან საქართველოში, ამიტომ ვკითხე მაღაზიის მენეჯერს – "მეტი წიგნი რატომ არ შემოგაქვთთქო?" მიპასუხა: – "არ იყიდება და იმიტომო".

გულდასაწყვეტია, რომ როცა მაღაზიაში საჩუქრის საყიდლად შევდივართ, ვირჩევთ ისეთ წიგნს, რომელზეც გვსმენია და ვერც კი ვამჩნევთ რა დევს თაროზე.

ამ წიგნს გულგრილად რომ აღარ ჩაუაროთ, აი როგორ გამოიყურება მისი ყდა და რა წერია უკან:


მუმინტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
,,მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის.
  • კომეტა მუმინების ხეობაში
  • ჯადოქრის ქუდი
  • უჩინარი ბავშვი
  • სახიფათო ზაფხული
  • მამა მუმინის მემუარები
  • ჯადოსნური ზამთარი
  • მამა და ზღვა
  • ნოემბრის მიწურულს
ტუვე იანსონი - ანდერსენის მედლის ლაურეატი, თანამედროვეობის უდიდესი საბავშვო მწერალი ქალი და ილუსტრატორი, ფინეთში ცხოვრობს, თუმცა თავის წიგნებს შვედურ ენაზე წერს.


რითია ეს წიგნი განსაკუთრებული?

თავიდან რომ იწყებ კითხვას, ვერ ხვდები ვისზეა ლაპარაკი. მუმინები? სნიფი? რა არსებები არიან? ნელ-ნელა კი შენს თვალწინ ახალი სამყარო იწყებს არსებობას. სამყარო, რომელიც სავსეა თავგადასავლებით და ემოციებით. სამყარო, რომლის მაცხოვრებლები არიან ტროლები, მუმრიკები და სნორკები. სამყარო, რომელიც სათავეს იღებს ტუვე იანსონის წარმოსახვაში.












ტუვე ფინელი ქალია, რომელიც შვედურად წერს, წერასთან ერთად ის ხატავს და თვითონაა მუმინების ბიბლიოთეკის ილუსტრატორიც. მისი წიგნები შემეცნებითი და ძალიან ადამიანურია.

1966 წელს ტუვემ მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ჯილდო მისი ღვაწლისთვის საბავშო ლიტერატურაში. 
მისი შვედურენოვანი წიგნები 33 ენაზე ითარგმნა.
ფინეთში არსებობს მუმინების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ტუვეს ნამუშევრები მუმინებზე და ნაანტალიში (ფინეთში ქალაქი) არსებობს გასართობი პარკი მუმინების სამყარო.

თქვენთვის რომ მეტი საინტერესო ინფორმაცია მომეწოდებინა, ინტერნეტში დავიწყე ქექვა და ძალიან საინტერესო ბლოგს გადავაწყდი (ინგლისურენოვანია). მისი ავტორი ტუვე იანსონს იცნობდა. მართალია, პირადად არასდროს შეხვედრია, მაგრამ მასთან მიმოწერა ჰქონდა. 
აი როგორ აღწერს ის ტუვეს წიგნებს: 
"რამაც მომხიბლა მუმინების ხეობის ქრონიკებში, იყო კომბინაცია ფანტასტიკური ზღაპრებისა ჩინებულ შავ-თეთრ ილუსტრაციებთან, რომლებიც სითბოს, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდას აღვივებენ, რომლებსაც ცოტაოდენი მწუხარება, ლტოლვა და სინანულიც დაჰკრავს და აჟღერებს მწვავე დარდს, რომელიც ნოსტალგიურიც არის და ნაღვლიანიც.  
მუმინების ხეობაში, ყველა - საინტერესო და უცნაურიც: უჩინარი ბავშვი ან ქალის კაბაში ჩაცმული ჰემული - მიღებული იყო და მათ იტოვებდნენ საცხოვრებლად მუმინების სახლში. 
ეს ტოლერანტული სამყაროა, სადაც სიყვარული უპირობოდ გარანტირებულია და ყველას აქვს საშუალება - წახალისებულებიც კი არიან - იყოს ის, რაც არის, კრიტიკისა და ცენზურის გარეშე; ეს არის სამყარო, სადაც სახლი უსაფრთხო ადგილია, ცხოვრების გულისცემის ცენტრი, სადაც მისი მცხოვრებლები ყოველთვის ბრუნდებიან და მათ ასევე, მთებსა და ზღვის მიღმა, თავგადასავლების საძიებლად წასვლის სრული თავისუფლება აქვთ."


და ბოლოს ამონარიდი წიგნიდან "კომეტა მუმინების ხეობაში": 

"- ყველას ეშინია, - აუხსნა სნუსმუმრიკმა. 
-კარგი ერთი, სახლში რისა უნდა შეგეშინდეს? - არ დაეთანხმა მუმინტროლი. 
- როგორც ჩანს, ჩვენ ყველაზე მამაცები ვართ! - შეიფერა სნიფმა და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხმალი აიქნია. 
- ჩვენი სიმამაცე არაფერ შუაშია, უბრალოდ, კომეტას უკვე შევეჩვიეთ, თითქმის დავუმეგობრდით კიდეც, - აუხსნა მუმინტროლმა, - ჩვენ ხომ პირველებმა შევიტყვეთ მისი ამბავი და თან სულ ვაკვირდებით, როგორ იზრდება. ალბათ როგორ მარტოსულად გრძნობს თავს... წარმოგიდგენიათ?.. 
- რასაკვირველია, როცა ყველას აშინებ, მარტოსული იქნები, აბა რა! - დაუდასტურა სნუსმუმრიკმა. 
ფრეკენ სნორკმა მუმინტროლს თათი ჩაავლო: - სანამ შენ არ გეშინია, გპირდები, რაც უნდა მოხდეს, არც მე შემეშინდება!"
კომეტა მუმინების ხეობაში - ტუვე იანსონი

*მე უბრალოდ მინდა, რომ ვიცხოვრო მშვიდად და დავრგო კარტოფილი და ვიოცნებო.

15 February 2010

შაბათი, 13 თებერვალი - მიმოხილვა

ზღაპრების სამყაროში ყველაფერი ნება დართულია, მთავარია წარმოსახვა დიდი გქონდეს და რასაც მოინდომებ ის მოხდება. 
ზღაპრების სამყაროში დღესასწაულების დროში გადაადგილებაც შეიძლება. 


წინა შაბათს უნდა ჩინური ახალი წელი აღგვენიშნა, ამ დღესასწაულს ჩინელები გაზაფხულის ფესტივალს ეძახიან. თბილისში კი ზამთარია, შაბათს თოვლი იდო ყველგან: სახურავებზე, ხეებზე, სავალ ბილიკებზე, გზებზე, მანქანებზე ... 
ვფიქრობ ეს არასაგაზაფხულო განწყობა იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრი ბავშვი არ მოვიდა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი წარმოსახვა გამომეყენებინა და ლიგამუსის ზღაპრების სამყაროში ეს დღესასწაული ერთი კვირით გადამედო. ასეც მოვიქეცი.  


წინა შაბათს, ოთახს ბავშვები ნელნელა შემოემატნენ, საბოლოოდ რვანი შევიკრიბეთ. წავუკიტხე ბერძნული მითები, დავათვალიერეთ სხვადასხვა წიგნები, კუბიკებით ავაშენეთ კოშკები და გავეცანით გამომცემლობა პალიტრა L-ის წიგნს სახელად "დიდი წიგნი ხელოვნებაზე"






"პატარა ნაბიჯები დიდ ხელოვნებაში!გაეცანით მსოფლიოს ხელოვნებას, დაეუფლეთ ხატვის სხვადასხვა ტექნიკას, კარიკატურების შექმნას, ძერწვას."









ამ წიგნის დახმარებით დავამზადეთ ინდიელური თავსაბურავები და კოლაჟის ტექნიკის გამოყენებით პეიზაჯი შევქმენით.

03 February 2010

პიტერ პენი - შენი პირველი ორენოვანი კლასიკური ზღაპარი

იტერ პენი
"ყველამ იცის პიტერ პენის ამბავი, ბიჭუნასი, რომელსაც გაზრდა არ სურდა. პიტერ პენი არარსებული ქვეყნის პატარა კუნძულზე, თავგადასავლებში ატარებს თავის მარადიულ ბავშვობას. კლასიკური ორენოვანი ზღაპრები საშუალებას აძლევს პატარებს ხალისით შეისწავლონ და გამოიცნონ სიტყვები ორივე ენაზე. იოლად აღსაქმელი ტექსტი, შემკული მშვენიერი ილუსტრაციებით, ამ ზღაპრებს საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკის შესანიშნავ შენაძენად აქცევს."

შემიძლია დავადასტურო ლოგოს პრესისეული წიგნის აღწერა, სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს მას.

ეს წიგნი ნამდვილად გაფორმებულია შესანიშნავი ილუსტრაციებით და ტექსტიც ლაკონური და იოლად აღსაქმელია. ვიქრობ საინტერესო და გამოსადეგი უნდა იყოს მისი წაკითხვა ბავშვისთვის, რომელიც ახლა სწავლობს ინგლისურს.
ასე რომ თუ ახლა დაიწყე სკოლაში ინგლისურის სწავლა სთხოვე მშობლებს, რომ გიყიდონ ეს წიგნი; მითუმეტეს თუ ამ პერსონაჟს, პიტერ პენს, ჯერ არ იცნობ იმიტომ, რომ გპირდები ის აუცილებლად შეგიყვარდება.
მის ერთერთ საიდუმლოს გაგიმხელ: მას ფრენა შეუძლია! დანარჩენი კი შენთვითონ წაიკითხე.

ეს წიგნი შეგიძლიათ სულ პატარებსაც უყიდოთ, ისინი მოიხიბლებიან ნახატებით და პიტერ პენის თავგადასავლებით, რომლებსაც თქვენ წაუკითხავთ. ჩემი მეგობრის 3 წლის შვილი ამ წიგნზე გიჟდება და ძილის წინ მუდმივად ითხოვს მის წაკითხვას! როცა გაიზრდება და ინგლისურის სწავლას დაიწყებს, წიგნების თაროდან გადმოიღებს და უკვე თვითონ წაიკითხავს.

სერიაში "ჩემი პირველი ორენოვანი კლასიკური ზღაპრები" ასევე არის წიგნი სახელად "წითელ ქუდა", ის არ წამიკითხავს და უბრალოდ ვვარაუდობ რომ კარგია. ორივე წიგნი იყიდება ლიგამუსში, ასე რომ მოდით და გადაამოწმეთ და დამიტოვეთ კომენტარები თქვენი აზრის შესახებ.