29 November 2010

სამყარო II . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – მიმოხილვა

სამყაროს დღეებმა გაამართლა. ბოლო ორი შაბათი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოდგა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ!



ამ შაბათს წავიკითხე წიგნი, რომელიც ინტერნეტში აღმოვაჩინე ნასას გვერდზე. ძალიან მომეწონა და სპეციალურად შაბათს მოსული ბავშვებისთვის ვთარგმნე ქართულად.
ამ წიგნის სახელია პლანეტების პირველი წლიური კონკურსი” და როგორც სათაური მიგვითითებს, ის მოგვითხრობს კონკურსის შესახებ, რომელიც ჩატარდა საუკეთესო პლანეტის გამოსავლენად. 
შემდეგ ჩვენ ავაგეთ ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”. ისეთი ლამაზი გამოვიდა!!







მის დამზადების ინსტრუქციას შემდეგ პოსტში დავწერ, ეხლა კი სურათებით დატკბით.




26 November 2010

სამყარო . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – ანონსი


ხვალ, 11 საათზე პლანეტების დაჯილდოვება იწყება. თუ გაინტერესებს ვინ მიიღებს საუკეთესო პლანეტის წოდებას არ დაიგვიანო.
დაჯილდოვება მალე ჩაივლის, მერე კი უნდა ავაგოთ მზის სისტემის ულამაზესი მოდელი.

22 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– მიმოხილვა


ბალახივით მწვანე ხალიჩაზე ისევ გადავშალე წიგნი და დავიწყე კითხვა. "კომეტა მუმინების ხობაში" – ეს ტუვე იანსონის დაწერილი წიგნი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო წიგნია.



მუმინტროლი და სნიფი გაემგზავრნენ ობსერვატორიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ვარსკვლავების და სამყაროს შესახებ. როგორც ონდატრა ამბობს მალე სამყაროს დასასრული დადგება, რადგან კომეტა ჩამოვარდება დედამიწაზე.



სანამ მუმინტროლი და სნიფი ამ ინფორმაციის სისწორეს ობსერვატორიაში ამოწმებდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ ლიგამუსის ბავშვების ოთახში შატლი აგვეგო. შატლი კოსმოსური ხომალდია, რომლითაც გავფრინდით და კომეტა ვნახეთ.





დედამიწაზე რომ დავბრუნდით ჩამოვიტანეთ ცოდნა და აი ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ნახავ, რა ვნახეთ და აღმოვაჩინეთ მოგზაურობის დროს.

19 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– ანონსი


თუ მზად ხარ გახდე ასტრონომი, შაბათს 11 საათზე ლიგამუსის ბავშვების ოთახში მოდი და არ დაიგვიანო!
მუმინების ხეობაში დიდი პრობლემაა! ონდატრა ამბობს მალე კომეტა ჩამოვარდებაო! მუმინების შესახებ თუ მეტი გაინტერესებს, აი ეს პოსტი წაიკითხე. ხვალ კი გავეცნობით წიგნს სახელად "კომეტა მუმინების ხეობაში".
კომეტის ამბავს, ესე ხომ არ დავტოვებთ?!... უნდა რამე ვიღონოთ! ამისთვის კი ვფიქრობ უმჯობესია ხომალდი ავაგოთ და გავემგზავროთ კოსმოსში. ჩევნი თვალით ვნახოთ რა ხდება იქ.

16 November 2010

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე – მიმოხილვა

შაბათს დილით ლიგამუსში რომ მივედი, პირველ რიგში ტორტი გამოვიღე მაცივრიდან  და ბავშვების ოთახში შევიტანე. ელენე, ჩემი ერთგული მეგობარი (ყველა მეზრაპრეს ჰყავს ერთგული მეგობარი), ამბობდა: ტორტი აქ რომ დავდოთ, ყველას ნერწყვები მოადგება და ყურადღებას წიგნებზე ვეღარ გადავიტანთო. მე კიდევ უკვე მოჯადოებული ვიყავი ტორტით და ვერაფრით ჩავაბრუნე ის ყუთში. პირიქით, ამოვიღე სანთლები და ჩავარჭე ჯერ ერთიანი, მერე ნულიანი და ბოლოს სამიანი. ლინდგრენი ხომ 103 წლის გახდებოდა.












ბავშვებს ძალიან უყვართ დაბადების დღეები და ბევრნი მოვიდნენ, ძალიან ბევრნი! გოგოებიც იყვნენ, ერთერთი საერთოდ გეგონებოდა ლინდგრენის წიგნიდან გვესტუმრაო.
გავიძრეთ ფეხსაცმელები და გადავძვერით ჩვენს ბალახივით მწვანე ხალიჩაზე.
პირველ რიგში კარგად გავერკვიეთ ვის დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ვინ არის ასტრიდ ლინდგრენი? როგორ იცხოვრა? რა დაწერა? რატომ დაიწყო საერთოდ წიგნების წერა?



ვიდეოს ყურების შემდეგ, გადმოვიღე ლინდგრენის ერთერთი წიგნი "ბულერბიელი ბავშვები" და წავუკითხე ბავშვებს რამდენიმე თავი.


ეს მართლაც რომ ძალიან კარგი წიგნია. ამ ზღაპრის დღისთვის, რომ ვემზადებოდი ის თავიდან ბოლომდე წავიკითხე. თავს ვერ ვიკავებდი ხმამაღლა მეცინებოდა.
სახალისო და კარგი წასაკითხი წიგნია. გირჩევთ ყველას წაიკითხოთ, უფროსებსაც!


ბალახივით მწვანე ხალიჩაზევე დავიწყეთ "ამის პატრონმა რა ჰქნას" თამაში, ამ თამაშს ბულერბიელი ბავშვებიც სიამოვნებით თამაშობენ ხოლმე. ყველამ ჩვენი ფანტი ავირჩიეთ და სათითაოდ ვიხუჭებოდით. ზოგს ასკინკილა ხტუნვა მოუწია, ზოგს მანქანის დახატვა, ზოგსაც თავდაყირა დადგომა.

სტუმრად მოსულ ბავშვების უმრავლესობას ხატვა ძალიან უყვარს, ამიტომ გადავინაცვლეთ მაგიდებთან და დავხატეთ ლინდგრენის წიგნებიდან სცენები და პერსონაჟები. მაგალითად ნიკამ პეპის ცხენი დახატა, ანდრომ ბულერბის სახლები, ივამ კი პოლიციელები, რომლებიც პეპის ესტუმრნენ.










ყველამ გავაკარით ჩვენ ჩვენი ნახატები ოთახის კედლებზე და შემდეგ შევგროვდით ტორტის ირგვლივ. ავანთეთ სანთლები და შუშხუნები, ვუმღერეთ ლინდგრენს დაბადების დღის სიმღერა და დავჭერით ტორტი.



იფ, რა გემრიელი ტორტი გამოდგა! ყველამ ჩავიტკბარუნეთ პირები.

12 November 2010

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე – ანონსი


ხვალ, 13 ნოემბერს, აღვნიშნავთ ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეს!
ჩემთან ერთად ბავშვები გაიცნობენ ამ ადამიანს და მის შემოქმედებას წიგნების, თამაშების და სხვა აქტივობების დახმარებით.

11 November 2010

მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი – მიმოხილვა


წინა შაბათს, მოსულ ბავშვებთან ერთად, გავეცანი გამომცემლობა პალიტრა L–ის წიგნს სახელად "მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი".
მოლა ნასრედინი შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხური პერსონაჟია, უამრავი ანეგდოტის გმირი. ხუმარა და ენამოსწრებული ზოგჯერ ბრძენია, ზოგჯერ მიამიტი, ზოგჯერ კი სულელიც.
ეს წიგნი ძალიან სახალისო წასაკითხია. მოკლე ისტორიების მიუხედავად მაინც არ არის ყველაზე პატარებისთვის განკუთვნილი. ვფიქრობ საშუალოდ 9 წლის ბავშვმა უნდა თვითონ წაიკითხოს და თავისთვის ჩუმად იხითხითოს ან ხმამაღლა იცინოს.

მოლა ნასრედინი მოხერხებული ადამიანია. გადავწყვიტე, ჩვენც რომ გამოგვეცადა ჩვენი თავები, გვეთამაშა ისეთი თამაში რომელიც ბავშვებს შორის ყველაზე მოხერხებულს გამოავლენდა. ვითამაშეთ ჩაძირობანა. ჩვენს შორის ყველაზე მოხერხებული კი ანდრო აღმოჩნდა. მან თავის მოწინაღმდეგეებს ყველა გემი ჩაუძირა.

05 November 2010

მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი – ანონსი

ხვალ უნდა გაგაცნო მოლა ნასრედინი. მხიარული დილა გველის. გელოდები 11 საათზე "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში.

02 November 2010

არც ისე საშიში დღე მეზღაპრესთან ერთად! – მიმოხილვა

წინა კვირაში მოვიარე საკანცელარიო და ათასი წვრილმანის მაღაზიები.
აღმაშენებელზე, რომ საკანცელარიო მაღაზიაა იქ ვიყიდე სახეზე დასახატი ფანქრები, პატარა ყუთებში რომ არის და Nova Color აწერია. არ გირჩევთ მათ ყიდვას ცუდი გამოდგა, ძალიან მკრთალად ხატავს, სამაგიეროდ ადვილად მოსაშორებელია.
ამავე მაღაზიიდან წამოვიღე დიდი შავი ქაღალდები, შავი მარკერი და სტაფილოსფერი ლენტა.
მიწისქვეშა გადასასვლელის მაღაზიები დავიარე ხარისხიანი სტაფილოსფერი ბუშტების ძებნაში და ვიპოვე კიდეც.
შაბათს 30 ოქტომბერს სახლიდან დატვირთული გამოვედი: ჩანთა გადაკიდებული მხარზე, ერთ ხელში ძველებური შანდალი მეჭირა, მეორეში კი პარკები, რომლებშიც სხვადასხვა კოსტიუმი ეწყო, სანთლები, საწრუპები და კიდევ ბევრი სხვა ნივთი.
ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის რომ არც ისე საშიში დღესასწაული აღმენიშნა ბავშვებთან ერთად.

ამინდიც შესაფერისი იყო – ნისლიანი და მოქუფრული. დარწმუნებული ვარ მშიშარა ბავშვები ლოგინში დარჩნენ და საბნის ქვეშ იმალებოდნენ. ლიგამუსში კი თერთმეტი უშიშარი ბავშვი მოვიდა. მათ ოთახში ჰალოვინის დეკორაცია დახვდათ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყველანი სხვადასხვა პერსონაჟებად გადავიქეცით: ჯადოქრად, გოგრად, კურდღლად, ვამპირად, პირატად... ძალიან ადვილია ან უნდა გადაიცვა კოსტიუმი, ან მოიხატო სახე სპეციალური სახეზე დასახატი ფანქრებით.

იმ იდუმალ გარემოში, მწვანე ხალიჩაზე მეზღაპრესთან ერთად ზოგი უცნაური, ზოგი სასაცილო და ზოგიც საშიში პერსონაჟი იჯდა და უსმენდა მეზღაპრეს, რომელიც კითხულობდა ოსკარ უაილდის ”კენტერვილის აჩრდილს”.

ეს მოთხრობა წავიკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნიდან ”ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისთვის”.
მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.”
ეს წიგნი ძალიან მომწონს რადგან: პირველი, ძალიან კარგი ნაწარმოებები არის შერჩეული; მეორე, ძალიან ლამაზად არის დასურათებული და ხარისხიანი ნამუშევარია, შესაბამისად წიგნის მხოლოდ დათვალიერებაც კი დიდი სიამოვნებაა; მესამე, ტექსტი ისე არის გამარტივებული, რომ დამწყები მკითხველებისთვის უდაოდ მარტივი გასაგები, სასიამოვნო წასაკითხი და საინტერესო არის.
ლიგამუსში 19.20 ლარი ღირს და ძალიან კარგი საჩუქარია ნებისმიერი დამწყები მკითხველისთვის.
კითხვას რომ მოვრჩი, ოთახი ჩავაბნელე და ჩავრთე ვიდეო, რომლის დახმარებითაც შევძელით გაგვეგო ყველაფერი ჰალოვინის შესახებ.



დაიწყო მხიარულება! ბავშვები ორ გუნდად გაიყვნენ, გოგოები ვერსუს ბიჭები. ვითამაშეთ ყველაზე სახალისო თამაშები:
სტაფილოსფერი ლენტა
ოთახში უამრავი სტაფილოსფერი ლენტის ნაწილები იყო მიმოფანტული, ზოგი კარადაში, ზოგი სურათების უკან, ზოგიც კანფეტების ყუთში. 2 წუთის მანძილზე უნდა ეპოვათ რაც შეიძლება მეტი ლენტა და ერთმანეთზე გადაებათ, რომელ გუნდსაც უფრო გრძელი ლენტა ექნებოდა ის გაიმარჯვებდა. და გამარჯვებული არის... გოგოების გუნდი!

მუმიები

თითო გუნდში ორი ტუალეტის ქაღალდი დარიგდა და სამი ადამიანი მოემზადა მუმიად გადასაქცევად. რომელ გუნდშიც უფრო მალე გაახვევდნენ სამ მუმიას ის გაიმარჯვებდა. და გამარჯვებული არის... ბიჭების გუნდი!

შეისრუტე და წაიღე
მაგიდაზე მოვათავსეთ ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ჰალოვინისთვის დამახასიათებელი ფიგურები: მოჩვენება, გოგრა, ღამურა და კატა. ყველას დაურიგდა საწრუპი. ყველას თითო წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფიგურა გადმოედო თავის მხარეს. ამას საწრუპის დახმარებით აკეთებდნენ: საწრუპს მიიტან ქაღალდის ფიგურასთან, შეისუნთქავ ჰაერს, ქაღალდი აეკვრობა საწრუპს, გადმოწევ შენკენ და ამოისუნთქავ. და გამარჯვებული არის... გოგოენის გუნდი!


ჰალოვინის აღსანიშნავად კოსტიუმების, კანფეტებისა და მხიარულების გარდა აუცილებელია დეკორაცია. ძალიან ადვილად გასაკეთებელი დეკორაცია: საჭიროა თეთრი სანთელი, წითელი სანთელი, ასანთი და ძველებური შანდალი. თეთრ სანთელზე ვაღვენთებთ წითელ სანთელს. საბოლოოდ ვიღებთ თეთრ სანთელს, რომელზეც თითქოს სისხლის წვეთებია. ეს დეკორაცია უფროსის თანხლებით უნდა გაკეთდეს!

შემდეგ მივირთვით კანფეტები და ბოროტ სახიანი მანდარინები. ძალიან გემრიელი იყო!
დრო ძალიან სწრაფად გავიდა, კიდევ იმდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა...მოფიქრებულიც მქონდა და დაგეგმილიც... მაგრამ დრო არ გვეყო... დასრულდა ”არც ისე საშიში დღე მეზღაპრესთან ერთად”.

პ.ს. მუმიების თამაშის დროს გადაღებული ვიდეო