Showing posts with label სახალისო ხელნაკეთობები. Show all posts
Showing posts with label სახალისო ხელნაკეთობები. Show all posts

28 January 2011

მოვრთოთ ბავშვების ოთახი – მიმოხილვა


ხვალ 11 საათზე დავიწყებ წიგნის კითხვას, ასე რომ არ დაიგვიანო!
ზღაპრის მოსემნის შემდეგ,  ლამაზი გირლიანდების გასაკეთებლად ყველანი გადავინაცვლებთ მაგიდებთან. ამ გირლიანდებით კი მოვრთავთ ჩვენი ოთახის ფანჯრებს...

17 January 2011

გილოცავ შობა – ახალ წელს ! – მიმოხილვა

უკვე 2011 წელია... 
ახალი წელიც დადგა, ბევრი საჩუქარი მივიღე და კარგად დავისვენე.
ახლა კი ისევ ვაგრძელებ "ლიგამუსში" ყოველ შაბათს ზღაპრის დღეების მოწყობას. ასე რომ გელოდები შაბათობით 11 საათზე, არ დააგვიანო!
წინა შაბათს, ანუ 15 იანვარს უკვე შევიკრიბეთ "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში. მწვანე ხალიჩაზე კოტრიალის დაწყებამდე, ერთმანეთი გავიცანით და მოვუყევით ჩვენი საახალწლო საჩუქრების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო, იმის გაგება რომ ძალიან ბევრმა საოცნებო საჩუქარი მიიღო.
შემდეგ ზღაპრის მოსმენის დროც მოვიდა. გადავშალე წიგნი სახელად "საშობაო მოთხრობები" და ამოვარჩიე  ან.წერეთელის მოთხრობა - ”გულმა იგრძნო”. კითხვა რომ დავასრულე, გადავინაცვლეთ მაგიდებისკენ, რომ რამე ლამაზი გაგვეკეთებინა. ამისთვის დავიხმარე ”კოდალას წიგნები”–ის გამომცემლობის წიგნი "რისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისაგან".
და აგერ შედევრებიც:



21 December 2010

საახალწლო მზადება – მიმოხილვა

ზღაპრის წაკითხვის შემდგე, საახალწლო განწყობაზე დავდექით. 
წავიკითხე ვაჟა–ფშაველას "მელია კუდაგრძელია (საახალწლო ზღაპარი)" პალიტრა L–ის სერიის "ჩემი საყვარელი ზღაპრების" მეექვსე წიგნიდან. 

გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მისალოცი ბარათები. დავამზადეთ სამ განზომილებიანი მისალოცები. ესეთი გამოვიდა:

 

 








იმისთვის რომ დაამზადო ასეთი მისალოცი, დაგჭირდება:
  • მაკრატელი
  • წებო
  • ფანქარი
  • ფერადი ფურცლები
  • ბრჭყვიალა წებოები
აიღე ერთი ფურცელი და შუაზე გადაკეცე – ეს იქნება მისალოცის ყდა, რომელსაც ლამაზად გააფორმებ.
აიღე მეორე იგივე ზომის ფურცელი და ისიც შუაზე გადაკეცე. ამ ფურცელზე დახატე ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან ერთნაირად იქნებიან დაშორებულები. გამოჭერი. ამ გამოჭრილ ზოლებზე დააწებე ფერად ფურცლებიდან გამოჭრილი ნაძვის ხეები. მორთე ისინი ბრჭყვილა წებოებით. 
ეს ნაძვის ხიანი ფურცელი მიაწებე მისალოცის ყდას. აცადე გაშრობა.

13 December 2010

პიტერ პენი და ფერიები – მიმოხილვა

წინა შაბათს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან განსაკუთრებული სტუმრები გვყავდნენ. რუსთავი ორის "საბავშვო ამბების" ჟურნალისტი და ოპერატორი გვეწვივნენ.
ამ კვირას, ანუ 19 დეკემბერს, 11 საათზე გავა სიუჟეტი ზღაპრის დღეების შესახებ.
მოუთმენლად ველოდები...


წინა შაბათის დღის თემა "პიტერ პენი და ფერიები" იყო. ბალახივით მწვანე ხალიჩაზე უამრავი ბავშვი მოკალათდა და სიამოვნებით მისმენდნენ, როგორ ვკითხულობდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალ წიგნს "პიტერ პენს".


წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი საჩუქარია ეს სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი.
შთამბეჭდავია. საინტერესო წასაკითხი და დასათვალიერებელი!
მაგრამ ერთი ძალიან ძალიან დიდი მინუსი აქვს: არარსებული კუნძული, რომელზეც პიტერ პენი ცხოვრობს დაკარგულ ბიჭებთან, პირატებთან, ინდიელებთან და წკრიალასთან ერთად, ნათარგმნია როგორც არა–იყო–რა კუნძული. მე როგორც ამ ნაწარმოების დიდი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვარ რომ ასეთი დიდებული ადგილის სახელი ასე თარგმნეს. თუმცა მესმის რომ სრულიად სუბიექტური დამოკიდებულებაა და თან ეს წიგნის ერთადერთი მინუსია. ამიტომ არ არის რთული დადებითად შევაფასოთ და შეგვიყვარდეს კიდეც ეს წიგნი.

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.
ჩვენ კი ისინი ერთჯერადი თეფშებისაგან გავაკეთეთ. თუ გაინტერესებს, როგორ კეთდება თეფშისგან ფერია ამ ბმულზე გადადი.


12 December 2010

როგორ გაჩნდნენ ფერიები?

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.

ჩვენ კი ფერიების გასაჩენად დაგვჭირდება:
  1. ქაღალდის ერთჯერადი თეფში
  2. მაკრატელი
  3. ფანქარი
  4. გასაფორმებლად: ფლომასტერები, ბრჭყვიალა წებოები და სხვა
 
თეფში აიღე და მის უკანა მხარეს ფანქრით დახატე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეგიძლია ფერიას სხვანაირი ვარცხნილობა დაუხატო.
  
გამოჭერი
მხოლოდ ის ადგილები გამოჭერი, რომლებიც სურათზე წითელი წყვეტილი ხაზით არის აღნიშნული
ისე დაამრგვალე თეფში, რომ სურათზე წითლად აღნიშნული გამოჭრილი ადგილები ერთმანეთში ჩასვა.
ესეც შენი ფერია

ახლა კი გააფორმე. უკვე ფერად ფერიას, შეგიძლია ძუა გაუყარო და ოთახში ჩამოკიდო.