Showing posts with label პიტერ პენი. Show all posts
Showing posts with label პიტერ პენი. Show all posts

13 December 2010

პიტერ პენი და ფერიები – მიმოხილვა

წინა შაბათს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან განსაკუთრებული სტუმრები გვყავდნენ. რუსთავი ორის "საბავშვო ამბების" ჟურნალისტი და ოპერატორი გვეწვივნენ.
ამ კვირას, ანუ 19 დეკემბერს, 11 საათზე გავა სიუჟეტი ზღაპრის დღეების შესახებ.
მოუთმენლად ველოდები...


წინა შაბათის დღის თემა "პიტერ პენი და ფერიები" იყო. ბალახივით მწვანე ხალიჩაზე უამრავი ბავშვი მოკალათდა და სიამოვნებით მისმენდნენ, როგორ ვკითხულობდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალ წიგნს "პიტერ პენს".


წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი საჩუქარია ეს სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი.
შთამბეჭდავია. საინტერესო წასაკითხი და დასათვალიერებელი!
მაგრამ ერთი ძალიან ძალიან დიდი მინუსი აქვს: არარსებული კუნძული, რომელზეც პიტერ პენი ცხოვრობს დაკარგულ ბიჭებთან, პირატებთან, ინდიელებთან და წკრიალასთან ერთად, ნათარგმნია როგორც არა–იყო–რა კუნძული. მე როგორც ამ ნაწარმოების დიდი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვარ რომ ასეთი დიდებული ადგილის სახელი ასე თარგმნეს. თუმცა მესმის რომ სრულიად სუბიექტური დამოკიდებულებაა და თან ეს წიგნის ერთადერთი მინუსია. ამიტომ არ არის რთული დადებითად შევაფასოთ და შეგვიყვარდეს კიდეც ეს წიგნი.

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.
ჩვენ კი ისინი ერთჯერადი თეფშებისაგან გავაკეთეთ. თუ გაინტერესებს, როგორ კეთდება თეფშისგან ფერია ამ ბმულზე გადადი.


12 December 2010

როგორ გაჩნდნენ ფერიები?

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.

ჩვენ კი ფერიების გასაჩენად დაგვჭირდება:
  1. ქაღალდის ერთჯერადი თეფში
  2. მაკრატელი
  3. ფანქარი
  4. გასაფორმებლად: ფლომასტერები, ბრჭყვიალა წებოები და სხვა
 
თეფში აიღე და მის უკანა მხარეს ფანქრით დახატე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეგიძლია ფერიას სხვანაირი ვარცხნილობა დაუხატო.
  
გამოჭერი
მხოლოდ ის ადგილები გამოჭერი, რომლებიც სურათზე წითელი წყვეტილი ხაზით არის აღნიშნული
ისე დაამრგვალე თეფში, რომ სურათზე წითლად აღნიშნული გამოჭრილი ადგილები ერთმანეთში ჩასვა.
ესეც შენი ფერია

ახლა კი გააფორმე. უკვე ფერად ფერიას, შეგიძლია ძუა გაუყარო და ოთახში ჩამოკიდო.





22 March 2010

გადაფრენა პარიზზე

ყველას გვიოცნებია სუპერმენობაზე. ყველას მოგვდომებია ულამაზესი ქალაქების გადაფრენა პიტერ პენთან ერთად ან ალადინის ხალიჩაზე. რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ახალი ინტერნეტ საიტი, რომელიც ამ ოცნებას აგვიხდენს. ამიერიდან შეგიძლიათ პარიზის თავზე იფრინოთ!


http://www.paris-26-gigapixels.com/index-en.html


მაუსის რამდენიმე კლიკის შემდეგ პარიზი თქვენს წინ გადმოიშლება, მილიარდობით დეტალი, სახურავებზე დამალული ტერასები, მითიური შენობები, უცნაური ქუჩების კუთხე-კუნჭულები ... ეს უნდა ნახოთ !



კეთილი მგზავრობა :)

03 February 2010

პიტერ პენი - შენი პირველი ორენოვანი კლასიკური ზღაპარი

იტერ პენი
"ყველამ იცის პიტერ პენის ამბავი, ბიჭუნასი, რომელსაც გაზრდა არ სურდა. პიტერ პენი არარსებული ქვეყნის პატარა კუნძულზე, თავგადასავლებში ატარებს თავის მარადიულ ბავშვობას. კლასიკური ორენოვანი ზღაპრები საშუალებას აძლევს პატარებს ხალისით შეისწავლონ და გამოიცნონ სიტყვები ორივე ენაზე. იოლად აღსაქმელი ტექსტი, შემკული მშვენიერი ილუსტრაციებით, ამ ზღაპრებს საშინაო თუ სასკოლო ბიბლიოთეკის შესანიშნავ შენაძენად აქცევს."

შემიძლია დავადასტურო ლოგოს პრესისეული წიგნის აღწერა, სწორედ ეს გამომცემლობა გვთავაზობს მას.

ეს წიგნი ნამდვილად გაფორმებულია შესანიშნავი ილუსტრაციებით და ტექსტიც ლაკონური და იოლად აღსაქმელია. ვიქრობ საინტერესო და გამოსადეგი უნდა იყოს მისი წაკითხვა ბავშვისთვის, რომელიც ახლა სწავლობს ინგლისურს.
ასე რომ თუ ახლა დაიწყე სკოლაში ინგლისურის სწავლა სთხოვე მშობლებს, რომ გიყიდონ ეს წიგნი; მითუმეტეს თუ ამ პერსონაჟს, პიტერ პენს, ჯერ არ იცნობ იმიტომ, რომ გპირდები ის აუცილებლად შეგიყვარდება.
მის ერთერთ საიდუმლოს გაგიმხელ: მას ფრენა შეუძლია! დანარჩენი კი შენთვითონ წაიკითხე.

ეს წიგნი შეგიძლიათ სულ პატარებსაც უყიდოთ, ისინი მოიხიბლებიან ნახატებით და პიტერ პენის თავგადასავლებით, რომლებსაც თქვენ წაუკითხავთ. ჩემი მეგობრის 3 წლის შვილი ამ წიგნზე გიჟდება და ძილის წინ მუდმივად ითხოვს მის წაკითხვას! როცა გაიზრდება და ინგლისურის სწავლას დაიწყებს, წიგნების თაროდან გადმოიღებს და უკვე თვითონ წაიკითხავს.

სერიაში "ჩემი პირველი ორენოვანი კლასიკური ზღაპრები" ასევე არის წიგნი სახელად "წითელ ქუდა", ის არ წამიკითხავს და უბრალოდ ვვარაუდობ რომ კარგია. ორივე წიგნი იყიდება ლიგამუსში, ასე რომ მოდით და გადაამოწმეთ და დამიტოვეთ კომენტარები თქვენი აზრის შესახებ.