21 December 2010

საახალწლო მზადება – მიმოხილვა

ზღაპრის წაკითხვის შემდგე, საახალწლო განწყობაზე დავდექით. 
წავიკითხე ვაჟა–ფშაველას "მელია კუდაგრძელია (საახალწლო ზღაპარი)" პალიტრა L–ის სერიის "ჩემი საყვარელი ზღაპრების" მეექვსე წიგნიდან. 

გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა მისალოცი ბარათები. დავამზადეთ სამ განზომილებიანი მისალოცები. ესეთი გამოვიდა:

 

 








იმისთვის რომ დაამზადო ასეთი მისალოცი, დაგჭირდება:
  • მაკრატელი
  • წებო
  • ფანქარი
  • ფერადი ფურცლები
  • ბრჭყვიალა წებოები
აიღე ერთი ფურცელი და შუაზე გადაკეცე – ეს იქნება მისალოცის ყდა, რომელსაც ლამაზად გააფორმებ.
აიღე მეორე იგივე ზომის ფურცელი და ისიც შუაზე გადაკეცე. ამ ფურცელზე დახატე ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან ერთნაირად იქნებიან დაშორებულები. გამოჭერი. ამ გამოჭრილ ზოლებზე დააწებე ფერად ფურცლებიდან გამოჭრილი ნაძვის ხეები. მორთე ისინი ბრჭყვილა წებოებით. 
ეს ნაძვის ხიანი ფურცელი მიაწებე მისალოცის ყდას. აცადე გაშრობა.

13 December 2010

პიტერ პენი და ფერიები – მიმოხილვა

წინა შაბათს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან განსაკუთრებული სტუმრები გვყავდნენ. რუსთავი ორის "საბავშვო ამბების" ჟურნალისტი და ოპერატორი გვეწვივნენ.
ამ კვირას, ანუ 19 დეკემბერს, 11 საათზე გავა სიუჟეტი ზღაპრის დღეების შესახებ.
მოუთმენლად ველოდები...


წინა შაბათის დღის თემა "პიტერ პენი და ფერიები" იყო. ბალახივით მწვანე ხალიჩაზე უამრავი ბავშვი მოკალათდა და სიამოვნებით მისმენდნენ, როგორ ვკითხულობდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალ წიგნს "პიტერ პენს".


წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი საჩუქარია ეს სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი.
შთამბეჭდავია. საინტერესო წასაკითხი და დასათვალიერებელი!
მაგრამ ერთი ძალიან ძალიან დიდი მინუსი აქვს: არარსებული კუნძული, რომელზეც პიტერ პენი ცხოვრობს დაკარგულ ბიჭებთან, პირატებთან, ინდიელებთან და წკრიალასთან ერთად, ნათარგმნია როგორც არა–იყო–რა კუნძული. მე როგორც ამ ნაწარმოების დიდი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვარ რომ ასეთი დიდებული ადგილის სახელი ასე თარგმნეს. თუმცა მესმის რომ სრულიად სუბიექტური დამოკიდებულებაა და თან ეს წიგნის ერთადერთი მინუსია. ამიტომ არ არის რთული დადებითად შევაფასოთ და შეგვიყვარდეს კიდეც ეს წიგნი.

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.
ჩვენ კი ისინი ერთჯერადი თეფშებისაგან გავაკეთეთ. თუ გაინტერესებს, როგორ კეთდება თეფშისგან ფერია ამ ბმულზე გადადი.


12 December 2010

როგორ გაჩნდნენ ფერიები?

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.

ჩვენ კი ფერიების გასაჩენად დაგვჭირდება:
  1. ქაღალდის ერთჯერადი თეფში
  2. მაკრატელი
  3. ფანქარი
  4. გასაფორმებლად: ფლომასტერები, ბრჭყვიალა წებოები და სხვა
 
თეფში აიღე და მის უკანა მხარეს ფანქრით დახატე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შეგიძლია ფერიას სხვანაირი ვარცხნილობა დაუხატო.
  
გამოჭერი
მხოლოდ ის ადგილები გამოჭერი, რომლებიც სურათზე წითელი წყვეტილი ხაზით არის აღნიშნული
ისე დაამრგვალე თეფში, რომ სურათზე წითლად აღნიშნული გამოჭრილი ადგილები ერთმანეთში ჩასვა.
ესეც შენი ფერია

ახლა კი გააფორმე. უკვე ფერად ფერიას, შეგიძლია ძუა გაუყარო და ოთახში ჩამოკიდო.





08 December 2010

”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”

წინა შაბათს, ზღაპრის დღეზე ძალიან საინტერესო რამ გავაკეთეთ...დააჭირე აქ და ნახე. ოთახისთვის ჭაღი დავამზადეთ. ნათურა მზედ ვაქციეთ და ირგვლივ პლანეტები დავუკიდეთ. აი ასეთი გამოგვივიდა:

როგორ კეთდება ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”?


დაგჭირდება:
  • 8 ბურთი
  • ერთი კომპაქტ დისკი
  • წებო
  • სარჭი
  • ძუა
  • მუყაოს ქაღალდი
  • მყარი ძაფი
  • ლურჯი ფლომასტერი
  • ყვითელი წებოვანი ფურცელი
  • მაკრატელი
  • ფანქარი
  • ბრჭყვიალა წებოები
  • ფერადი ფურცლები ან ძველი ფერადი ჟურნალები
  • წიგნი კოსმოსის შესახებ
  • ყვითელი საღებავი
  • ფუნჯი
  • ჩინური მრგვალი ჭაღი
  • უფროსის დახმარება

პირველ რიგში მოამზადე მზე: აიღე ჩინური ჭაღი და შეღებე ყვითელი საღებავით. აცადე გაშრობა.



სანამ ჭაღი შრება...
დაამზადე ცა. აიღე მუყაოს ქაღალდი და გამოჭერი რაც შეიძლება დიდი წრე. ცენტრში კიდევ პატარა წრე ამოჭერი და ნაპირში ოთხ ადგილას გახვრიტე, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამ ნახვრეტებში გაუყარე და განასკვე ძაფი. თითო ძაფის სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრი უნდა იყოს. შემდგომ ამ ძაფებს გამოიყენებ ცის სანათზე მისამაგრებლად.
წრის ერთი მხარე გააფერადე ლურჯად. 
ყვითელ წებოვან ფურცელზე დახატე სხვადასხვა ზომის ვარსკვლავები და გამოჭერი. ეს ვარსკვლავები ლურჯად გაფერადებულ წრეს მიაკარი. 
წრის მეორე მხარეს რვა წრე დახატე (იხ. ზედა ნახატი). ეს წრეები  პლანეტების ორბიტების აღმნიშვნელია. თითო წრეს თითო ნახვრეტი გაუკეთე, სადაც პლანეტა დაეკიდება. ეცადე ეს ნავრეტები ერთმანეთისაგან რაც შეიძლება დაშორებული იყოს. არ დაგავიწყდეს, მხოლოდ რვა ნახვრეტი გჭირდება, ანუ რამდენი პლანეტაც არის მზის სისტემაში!
დაიხმარე უფროსი და სანათზე მყარი ძაფით წრე დაამაგრეთ. წრის ვარსკვლავებიანი მხარე ქვემოთ უნდა იყურებოდეს.
ამის შემდეგ ყვითლად გაფერადებული ჩინური ჭაღის ჩამოკიდებაც შეგიძლია.





ახლა კი პლანეტების დამზადების დროც დადგა

ამისათვის საჭიროა შეიძინო ან სახლში მოიძიო 8 სხვადასხვა ზომის ბურთი. ეს ბურთები შეიძლება სხვადასხვა მასალისაგან იყოს დამზადებული. მთავარია, მსუბუქი იყოს. ჩვენ ნაძვის ხის ძველი ბურთები ავირჩიეთ და პლანეტებად გამოვიყენეთ.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ პლანეტები სხვადასხვა ზომის არიან. მერკური ყველაზე პატარა პლანეტაა, შემდეგ მოდის მარსი, დედამიწა და ვენერა მარსზე ორჯერ უფრო დიდები არიან. ნეპტუნი დედამიწაზე უფრო დიდია, მასში სამოცი დედამიწისხელა პლანეტა მოთავსდებოდა. შემდეგ მოდის ურანი, რომელიც იუპიტერზე ოდნავ დიდია. სატურნი ურანზე ბევრად დიდია, ის 764 ჯერ უფრო დიდია ვიდრე დედამიწა. იუპიტერი მთელს მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა, ის ისეთი უზარმაზარია, რომ მასში ყველა პლანეტა ერთად მოთავსდებოდა. 
კოსმოსის შესახებ ბევრი წიგნი და ენციკლოპედია არსებობს, დაათვალიერე და ნახე როგორ გამოიყურებიან ეს პლანეტები, რა ფერისები არიან, რა ფიზიკური მახასიათებლები აქვთ და ამის მიხედვით გააფორმე ბურთები. შეგიძლია ფერადი ფურცლები ან ძველი ჟურნალები დაჭრა და მიაწებო, შეგიძლია გამოიყენო ბრჭყვიალა წებოებიც.

სატურნის დასამზადებლად ბურთის გარდა დაგჭირდება კომპაქტ დისკიც. სატურნს ძალიან ლამაზი რგოლები აქვს. ამ რგოლების გარეშე სატურნი სატურნი აღარ იქნება, ამიტომ აუცილებლად უნდა გაუკეთო ეს რგოლები.
ამისთვის აარჩიე სატურნის შესაბამისი ზომის ბურთი, რომლის შუაზე გაჭრასაც მოახერხებ. უფროსი დაიხმარე და ბურთი შუაზე გაჭერი. კომპაქტ დისკს წაუსვი წებო ორივე მხარეს და მიაწებე ბურთის ნახევარ სფეროები დისკს, როგორც სუარათზეა ნაჩვენები. სარჭი მიამაგრე ბურთს.
მის დახმარებით მოახერხებ სატურნის ძუაზე დაკიდებას.

თუ ყველა პლანეტა მზად გაქვს და ცოტა შეშრნენ კიდეც, დროა ჩამოკიდო ისინი ცაზე და დაასრულო ჭაღი.
ყველა პლანეტას ძუა გამოაბი. ძუის გამოყენება ძალიან ჭკვიანურია, რადგან ის ადვილად არ წყდება და თან გამჭვირვალეა და თითქმის არ ჩანს. უფროსის დახმარებით, უკვე გაკეთებულ ხვრელებში ჩამოკიდე პლანეტები შემდეგი მიმდევრობით:
  1. მზესთან ყველაზე ახლოს მერკური
  2. შემდეგ ვენერა 
  3. დედამიწა 
  4. მარსი
  5. მათ იუპიტერი მოსდევთ
  6. შემდეგ მოდის სატურნი
  7. ურანი
  8. ნეპტუნი კი მზისგან ყველაზე შორს მდებარეობს
კიბიდან ჩამოდი და შუქი აანთე. ახლა კი შეგიძლია შენით დამზადებული  ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღით” დატკბე.

07 December 2010

მხატვრები . რენუარი – მიმოხილვა

ფრანგული ზღაპრის "სიმართლის მთქმელი ჩიტის" წაკითხვის შემდეგ, დავათვალიერეთ პალიტრა L–ის გამომცემლობის წიგნი რენუარზე.





ისე მომწონს სხვადასხვა მხატვრების შესახებ შექმნილი პალიტრა L–ის წიგნების სერია, რომ მზად ვარ ყოველთვის ვაქო და ვადიდო ეს გამომცემლობა. მართალია ეს წიგნები უფროსებზეა გათვლილი, მაგრამ მხატვრების ნამუშევრები ისეა შერჩეული და წიგნები ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის საინტერესოა მისი დათვალიერება. სწორედ ამიტომ, ზღაპრის დღეებზე ხშირად ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა წიგნს ამ სერიიდან.



გავეცანით რენუარს, მის შემოქმედებას და მის ნახატებზე დაკვირვებით აღმოვაჩინეთ თუ როგორ ხატავდა შუქჩრდილებს.


ჩვენც ავიღეთ სუფთა ფურცლები და დავხატეთ ხე, რომელიც ნახატის ნაწილს ჩრდილში აქცევდა. შემდეგ ვისაც რა მოგვინდა ის დავხატეთ ფურცელზე. ის, რაც მზეში იყო უფრო ნათელი ფერებით გავაფერადეთ და ის რაც ხის ქვეშ მოექცა, ანუ ჩრდილში მოხვდა – უფრო მუქი ფერებით.

06 December 2010

უალტ დისნეის დაბადების დღე

უალტ დისნეი დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს.


დისნეილენდის ბლოგზე ვიპოვე ეს იშვიათი ფოტო, რომელიც გადაღებულია 1957 წელს. 
ვულოცავ უალტის დაბადების დღეს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფასებს მის შემოქმედებას და იმ საქმეებს რასაც მან ჩაუყარა საფუძველი. 

03 December 2010

მხატვრები . რენუარი– ანონსი

ხვალ ბავშვების ოთახში რენუარს გაგაცნობთ. ფრანგული ხალხური ზღაპრის მოსმენის შემდეგ დაგათვალიერებინებთ რენუარის ნამუშევრებს.
მერე კი მივუსხდებით მაგიდებს და ვისწავლით შუქ–ჩრდილების ხატვას.

29 November 2010

სამყარო II . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – მიმოხილვა

სამყაროს დღეებმა გაამართლა. ბოლო ორი შაბათი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოდგა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ!



ამ შაბათს წავიკითხე წიგნი, რომელიც ინტერნეტში აღმოვაჩინე ნასას გვერდზე. ძალიან მომეწონა და სპეციალურად შაბათს მოსული ბავშვებისთვის ვთარგმნე ქართულად.
ამ წიგნის სახელია პლანეტების პირველი წლიური კონკურსი” და როგორც სათაური მიგვითითებს, ის მოგვითხრობს კონკურსის შესახებ, რომელიც ჩატარდა საუკეთესო პლანეტის გამოსავლენად. 
შემდეგ ჩვენ ავაგეთ ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”. ისეთი ლამაზი გამოვიდა!!







მის დამზადების ინსტრუქციას შემდეგ პოსტში დავწერ, ეხლა კი სურათებით დატკბით.




26 November 2010

სამყარო . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – ანონსი


ხვალ, 11 საათზე პლანეტების დაჯილდოვება იწყება. თუ გაინტერესებს ვინ მიიღებს საუკეთესო პლანეტის წოდებას არ დაიგვიანო.
დაჯილდოვება მალე ჩაივლის, მერე კი უნდა ავაგოთ მზის სისტემის ულამაზესი მოდელი.

22 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– მიმოხილვა


ბალახივით მწვანე ხალიჩაზე ისევ გადავშალე წიგნი და დავიწყე კითხვა. "კომეტა მუმინების ხობაში" – ეს ტუვე იანსონის დაწერილი წიგნი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო წიგნია.



მუმინტროლი და სნიფი გაემგზავრნენ ობსერვატორიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ვარსკვლავების და სამყაროს შესახებ. როგორც ონდატრა ამბობს მალე სამყაროს დასასრული დადგება, რადგან კომეტა ჩამოვარდება დედამიწაზე.



სანამ მუმინტროლი და სნიფი ამ ინფორმაციის სისწორეს ობსერვატორიაში ამოწმებდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ ლიგამუსის ბავშვების ოთახში შატლი აგვეგო. შატლი კოსმოსური ხომალდია, რომლითაც გავფრინდით და კომეტა ვნახეთ.





დედამიწაზე რომ დავბრუნდით ჩამოვიტანეთ ცოდნა და აი ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ნახავ, რა ვნახეთ და აღმოვაჩინეთ მოგზაურობის დროს.