13 December 2010

პიტერ პენი და ფერიები – მიმოხილვა

წინა შაბათს განსაკუთრებული დღე გვქონდა, რადგან განსაკუთრებული სტუმრები გვყავდნენ. რუსთავი ორის "საბავშვო ამბების" ჟურნალისტი და ოპერატორი გვეწვივნენ.
ამ კვირას, ანუ 19 დეკემბერს, 11 საათზე გავა სიუჟეტი ზღაპრის დღეების შესახებ.
მოუთმენლად ველოდები...


წინა შაბათის დღის თემა "პიტერ პენი და ფერიები" იყო. ბალახივით მწვანე ხალიჩაზე უამრავი ბავშვი მოკალათდა და სიამოვნებით მისმენდნენ, როგორ ვკითხულობდი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ახალ წიგნს "პიტერ პენს".


წიგნი ძალიან მოეწონათ ბავშვებს. მეც ძალიან მომწონს. ნამდვილად კარგი საჩუქარია ეს სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი.
შთამბეჭდავია. საინტერესო წასაკითხი და დასათვალიერებელი!
მაგრამ ერთი ძალიან ძალიან დიდი მინუსი აქვს: არარსებული კუნძული, რომელზეც პიტერ პენი ცხოვრობს დაკარგულ ბიჭებთან, პირატებთან, ინდიელებთან და წკრიალასთან ერთად, ნათარგმნია როგორც არა–იყო–რა კუნძული. მე როგორც ამ ნაწარმოების დიდი გულშემატკივარი, გულდაწყვეტილი ვარ რომ ასეთი დიდებული ადგილის სახელი ასე თარგმნეს. თუმცა მესმის რომ სრულიად სუბიექტური დამოკიდებულებაა და თან ეს წიგნის ერთადერთი მინუსია. ამიტომ არ არის რთული დადებითად შევაფასოთ და შეგვიყვარდეს კიდეც ეს წიგნი.

პიტერ პენის მიხედვით, როდესაც ყველაზე პირველმა ბავშვმა ყველაზე პირველად გაიცინა, მისი სიცილი ათას ნაწილად დაიმსხვრა და აქეთ–იქით გაიფანტა. სწორედ ასე გაჩნდნენ ფერიები.
ჩვენ კი ისინი ერთჯერადი თეფშებისაგან გავაკეთეთ. თუ გაინტერესებს, როგორ კეთდება თეფშისგან ფერია ამ ბმულზე გადადი.


No comments:

Post a Comment