25 February 2011

დედის დღე - ანონსი


ხვალიდელ ზღაპრის დღეს დავუთმობთ დედებისთვის საჩუქრის გაკეთებას, რადგან მალე 3 მარტი - დედის დღე დადგება!

22 February 2011

მხიარული ოჯახი – მიმოხილვა

წინა შაბათს, ძალიან საინტერესო ორი საათი გავატარე. საბავშვო ოთახში სტუმრად მოსული ბავშვების ოჯახების შესახებ გავიგე ბევრი რამ და მათ გავაცანი ერთი ძალიან საინტერესო ნორვეგიული ოჯახი.
"იყო და არა იყო რა, ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი.." – ასე იწყება ამბავი ერთი მხიარული ოჯახისა, რომელიც ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალი სახლის ერთ ციცქნა ბინაში ცხოვრობს.
ნორვეგიელმა საბავშვო მწერალმა ქალმა, ანე–კატარინე ვესტლიმ, რომელსაც თანამემამულეები "მთელი ნორვეგიის ბებიას" უწოდებენ, წიგნების მთელი სერია შექმნა ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილსა და ხალისიან ოჯახზე.


წიგნის წაკითხვის შემდეგ, ბავშვებმა დახატეს თავიანთი ოჯახები. რამდენიმე მათგანი:





ამის შემდეგ გავაკარით კედელზე დიდი სახლი. ეს სახლი თავიდან ცარიელი იყო. ბავშვებმა ფურცლებზე დახატეს თავიანთი ოცნების ოთახი და ამ სახლში ჩააკრეს, ასე ავაშენეთ "ლიგამუსის ოცნების სახლი".

28 January 2011

მოვრთოთ ბავშვების ოთახი – მიმოხილვა


ხვალ 11 საათზე დავიწყებ წიგნის კითხვას, ასე რომ არ დაიგვიანო!
ზღაპრის მოსემნის შემდეგ,  ლამაზი გირლიანდების გასაკეთებლად ყველანი გადავინაცვლებთ მაგიდებთან. ამ გირლიანდებით კი მოვრთავთ ჩვენი ოთახის ფანჯრებს...

21 January 2011

ზღაპრის დღეები – ანონსი


ხვალ 11 საათზე გელოდებით "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში.
ტუმბოზე მედება საინტერესო წიგნი, მაგიდებზე დაგახვედრებთ ფლომასტერებს და კედელზე გავათავისუფლებ ადგილს, რომ შემდეგ გამოვფინოთ თქვენი ნამუშევრები.

17 January 2011

გილოცავ შობა – ახალ წელს ! – მიმოხილვა

უკვე 2011 წელია... 
ახალი წელიც დადგა, ბევრი საჩუქარი მივიღე და კარგად დავისვენე.
ახლა კი ისევ ვაგრძელებ "ლიგამუსში" ყოველ შაბათს ზღაპრის დღეების მოწყობას. ასე რომ გელოდები შაბათობით 11 საათზე, არ დააგვიანო!
წინა შაბათს, ანუ 15 იანვარს უკვე შევიკრიბეთ "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში. მწვანე ხალიჩაზე კოტრიალის დაწყებამდე, ერთმანეთი გავიცანით და მოვუყევით ჩვენი საახალწლო საჩუქრების შესახებ. ძალიან საინტერესო იყო, იმის გაგება რომ ძალიან ბევრმა საოცნებო საჩუქარი მიიღო.
შემდეგ ზღაპრის მოსმენის დროც მოვიდა. გადავშალე წიგნი სახელად "საშობაო მოთხრობები" და ამოვარჩიე  ან.წერეთელის მოთხრობა - ”გულმა იგრძნო”. კითხვა რომ დავასრულე, გადავინაცვლეთ მაგიდებისკენ, რომ რამე ლამაზი გაგვეკეთებინა. ამისთვის დავიხმარე ”კოდალას წიგნები”–ის გამომცემლობის წიგნი "რისი გაკეთება შეიძლება ქაღალდისაგან".
და აგერ შედევრებიც: