02 November 2010

არც ისე საშიში დღე მეზღაპრესთან ერთად! – მიმოხილვა

წინა კვირაში მოვიარე საკანცელარიო და ათასი წვრილმანის მაღაზიები.
აღმაშენებელზე, რომ საკანცელარიო მაღაზიაა იქ ვიყიდე სახეზე დასახატი ფანქრები, პატარა ყუთებში რომ არის და Nova Color აწერია. არ გირჩევთ მათ ყიდვას ცუდი გამოდგა, ძალიან მკრთალად ხატავს, სამაგიეროდ ადვილად მოსაშორებელია.
ამავე მაღაზიიდან წამოვიღე დიდი შავი ქაღალდები, შავი მარკერი და სტაფილოსფერი ლენტა.
მიწისქვეშა გადასასვლელის მაღაზიები დავიარე ხარისხიანი სტაფილოსფერი ბუშტების ძებნაში და ვიპოვე კიდეც.
შაბათს 30 ოქტომბერს სახლიდან დატვირთული გამოვედი: ჩანთა გადაკიდებული მხარზე, ერთ ხელში ძველებური შანდალი მეჭირა, მეორეში კი პარკები, რომლებშიც სხვადასხვა კოსტიუმი ეწყო, სანთლები, საწრუპები და კიდევ ბევრი სხვა ნივთი.
ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის რომ არც ისე საშიში დღესასწაული აღმენიშნა ბავშვებთან ერთად.

ამინდიც შესაფერისი იყო – ნისლიანი და მოქუფრული. დარწმუნებული ვარ მშიშარა ბავშვები ლოგინში დარჩნენ და საბნის ქვეშ იმალებოდნენ. ლიგამუსში კი თერთმეტი უშიშარი ბავშვი მოვიდა. მათ ოთახში ჰალოვინის დეკორაცია დახვდათ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ყველანი სხვადასხვა პერსონაჟებად გადავიქეცით: ჯადოქრად, გოგრად, კურდღლად, ვამპირად, პირატად... ძალიან ადვილია ან უნდა გადაიცვა კოსტიუმი, ან მოიხატო სახე სპეციალური სახეზე დასახატი ფანქრებით.

იმ იდუმალ გარემოში, მწვანე ხალიჩაზე მეზღაპრესთან ერთად ზოგი უცნაური, ზოგი სასაცილო და ზოგიც საშიში პერსონაჟი იჯდა და უსმენდა მეზღაპრეს, რომელიც კითხულობდა ოსკარ უაილდის ”კენტერვილის აჩრდილს”.

ეს მოთხრობა წავიკითხე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნიდან ”ილუსტრირებული მსოფლიო კლასიკა ბავშვებისთვის”.
მსოფლიო საბავშვო კლასიკის ილუსტრირებული გამოცემა დამწყები მკითხველებისთვის პირველი ნაბიჯია მსოფლიო ლიტერატურის სამყაროში.
მაქსიმალურად შემოკლებული და მარტივი, ბავშვებისთვის გასაგები ენით დაწერილი ექვსი ყველაზე ცნობილი საბავშვო ნაწარმოები აუცილებლად მოეწონებათ პატარა მკითხველებს და "აიძულებს" მათ, მსოფლიო შედევრების სრული ვერსიებიც დიდი ინტერესით წაიკითხონ.”
ეს წიგნი ძალიან მომწონს რადგან: პირველი, ძალიან კარგი ნაწარმოებები არის შერჩეული; მეორე, ძალიან ლამაზად არის დასურათებული და ხარისხიანი ნამუშევარია, შესაბამისად წიგნის მხოლოდ დათვალიერებაც კი დიდი სიამოვნებაა; მესამე, ტექსტი ისე არის გამარტივებული, რომ დამწყები მკითხველებისთვის უდაოდ მარტივი გასაგები, სასიამოვნო წასაკითხი და საინტერესო არის.
ლიგამუსში 19.20 ლარი ღირს და ძალიან კარგი საჩუქარია ნებისმიერი დამწყები მკითხველისთვის.
კითხვას რომ მოვრჩი, ოთახი ჩავაბნელე და ჩავრთე ვიდეო, რომლის დახმარებითაც შევძელით გაგვეგო ყველაფერი ჰალოვინის შესახებ.



დაიწყო მხიარულება! ბავშვები ორ გუნდად გაიყვნენ, გოგოები ვერსუს ბიჭები. ვითამაშეთ ყველაზე სახალისო თამაშები:
სტაფილოსფერი ლენტა
ოთახში უამრავი სტაფილოსფერი ლენტის ნაწილები იყო მიმოფანტული, ზოგი კარადაში, ზოგი სურათების უკან, ზოგიც კანფეტების ყუთში. 2 წუთის მანძილზე უნდა ეპოვათ რაც შეიძლება მეტი ლენტა და ერთმანეთზე გადაებათ, რომელ გუნდსაც უფრო გრძელი ლენტა ექნებოდა ის გაიმარჯვებდა. და გამარჯვებული არის... გოგოების გუნდი!

მუმიები

თითო გუნდში ორი ტუალეტის ქაღალდი დარიგდა და სამი ადამიანი მოემზადა მუმიად გადასაქცევად. რომელ გუნდშიც უფრო მალე გაახვევდნენ სამ მუმიას ის გაიმარჯვებდა. და გამარჯვებული არის... ბიჭების გუნდი!

შეისრუტე და წაიღე
მაგიდაზე მოვათავსეთ ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი ჰალოვინისთვის დამახასიათებელი ფიგურები: მოჩვენება, გოგრა, ღამურა და კატა. ყველას დაურიგდა საწრუპი. ყველას თითო წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფიგურა გადმოედო თავის მხარეს. ამას საწრუპის დახმარებით აკეთებდნენ: საწრუპს მიიტან ქაღალდის ფიგურასთან, შეისუნთქავ ჰაერს, ქაღალდი აეკვრობა საწრუპს, გადმოწევ შენკენ და ამოისუნთქავ. და გამარჯვებული არის... გოგოენის გუნდი!


ჰალოვინის აღსანიშნავად კოსტიუმების, კანფეტებისა და მხიარულების გარდა აუცილებელია დეკორაცია. ძალიან ადვილად გასაკეთებელი დეკორაცია: საჭიროა თეთრი სანთელი, წითელი სანთელი, ასანთი და ძველებური შანდალი. თეთრ სანთელზე ვაღვენთებთ წითელ სანთელს. საბოლოოდ ვიღებთ თეთრ სანთელს, რომელზეც თითქოს სისხლის წვეთებია. ეს დეკორაცია უფროსის თანხლებით უნდა გაკეთდეს!

შემდეგ მივირთვით კანფეტები და ბოროტ სახიანი მანდარინები. ძალიან გემრიელი იყო!
დრო ძალიან სწრაფად გავიდა, კიდევ იმდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა...მოფიქრებულიც მქონდა და დაგეგმილიც... მაგრამ დრო არ გვეყო... დასრულდა ”არც ისე საშიში დღე მეზღაპრესთან ერთად”.

პ.ს. მუმიების თამაშის დროს გადაღებული ვიდეო

No comments:

Post a Comment