ბავშვებს ძალიან უყვართ დაბადების დღეები და ბევრნი მოვიდნენ, ძალიან ბევრნი! გოგოებიც იყვნენ, ერთერთი საერთოდ გეგონებოდა ლინდგრენის წიგნიდან გვესტუმრაო.
გავიძრეთ ფეხსაცმელები და გადავძვერით ჩვენს ბალახივით მწვანე ხალიჩაზე.
პირველ რიგში კარგად გავერკვიეთ ვის დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ვინ არის ასტრიდ ლინდგრენი? როგორ იცხოვრა? რა დაწერა? რატომ დაიწყო საერთოდ წიგნების წერა?
ეს მართლაც რომ ძალიან კარგი წიგნია. ამ ზღაპრის დღისთვის, რომ ვემზადებოდი ის თავიდან ბოლომდე წავიკითხე. თავს ვერ ვიკავებდი ხმამაღლა მეცინებოდა.
სახალისო და კარგი წასაკითხი წიგნია. გირჩევთ ყველას წაიკითხოთ, უფროსებსაც!
ბალახივით მწვანე ხალიჩაზევე დავიწყეთ "ამის პატრონმა რა ჰქნას" თამაში, ამ თამაშს ბულერბიელი ბავშვებიც სიამოვნებით თამაშობენ ხოლმე. ყველამ ჩვენი ფანტი ავირჩიეთ და სათითაოდ ვიხუჭებოდით. ზოგს ასკინკილა ხტუნვა მოუწია, ზოგს მანქანის დახატვა, ზოგსაც თავდაყირა დადგომა.
სტუმრად მოსულ ბავშვების უმრავლესობას ხატვა ძალიან უყვარს, ამიტომ გადავინაცვლეთ მაგიდებთან და დავხატეთ ლინდგრენის წიგნებიდან სცენები და პერსონაჟები. მაგალითად ნიკამ პეპის ცხენი დახატა, ანდრომ ბულერბის სახლები, ივამ კი პოლიციელები, რომლებიც პეპის ესტუმრნენ.
ყველამ გავაკარით ჩვენ ჩვენი ნახატები ოთახის კედლებზე და შემდეგ შევგროვდით ტორტის ირგვლივ. ავანთეთ სანთლები და შუშხუნები, ვუმღერეთ ლინდგრენს დაბადების დღის სიმღერა და დავჭერით ტორტი.
იფ, რა გემრიელი ტორტი გამოდგა! ყველამ ჩავიტკბარუნეთ პირები.
No comments:
Post a Comment