20 March 2010

ანდერსენის ზღაპრების დღე - ანონსი


შაბათს, 20 მარტს, 2-დან 4 საათამდე ”ლიგამუსში” ანდერსენის ზღაპრების დღეა!

17 March 2010

მოგზაურობა მუმინების ხეობაში


"- თითქოს ჩვეულებრივი ქუდია, - აღნიშნა სნორკმა, - რასაკვირველია, თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია."
ჯადოქრის ქუდი- ტუვე იანსონი

"I ONLY WANT TO LIVE IN PEACE AND PLANT POTATOES AND DREAM!"*
მუმინები; კომიქსი - ტუვე იანსონი





ეს წაიკითხე ძალიან დაგაინტერესებს! 
ეს წიგნი კლასიკაა, აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული! 
ამ ავტორის არაფერი გაქვს წაკითხული?! აუცილებლად წაიკითხე! 
ეს შედევრია!

პატარაობიდანვე ვიცით, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ. ვიცით თუ რომლებია კარგი წიგნები, შედევრები.

მართლაც, ამ წიგნებს რომ ვკითხულობთ, ისინი გვიყვარდება, გვანცვიფრებენ და ჩვენც ვხვდებით, თუ რატომ ლაპარაკობენ ამდენს მათზე.

თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისეც მომხდარა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი წიგნი ამიღია და წამიკითხავს იმიტომ, რომ საინტერესო ან უბრალოდ სასაცილო სათაური აქვს, ან იმიტომ რომ მეტი წიგნი არ დევს თაროზე. თუმცა ამას არანაირი მნოშვნელობა აქვს... 
ორჯერ თუ სამჯერ, ასეთი წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე: კი მაგრამ აქამდე სად ვიყავი? რატომ არავინ მითხრა ამ წიგნის შესახებ? შედევრი აღმოვაჩინე, რომელზეც ჯერ არავინ ლაპარაკობს!  
ეს ფიქრები ცოტა ხნის წინაც გამიჩნდა, როდესაც ტუვე იანსონის წიგნი "კომეტა მუმინების ხეობაში" წავიკითხე. ეს წიგნი ლიგამუსში იყიდება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გასაყიდად დევს თაროზე. ტუვეს ნაწარმოებები დიდი პოპულარულობით არ გამოირჩევიან საქართველოში, ამიტომ ვკითხე მაღაზიის მენეჯერს – "მეტი წიგნი რატომ არ შემოგაქვთთქო?" მიპასუხა: – "არ იყიდება და იმიტომო".

გულდასაწყვეტია, რომ როცა მაღაზიაში საჩუქრის საყიდლად შევდივართ, ვირჩევთ ისეთ წიგნს, რომელზეც გვსმენია და ვერც კი ვამჩნევთ რა დევს თაროზე.

ამ წიგნს გულგრილად რომ აღარ ჩაუაროთ, აი როგორ გამოიყურება მისი ყდა და რა წერია უკან:


მუმინტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
,,მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის.
  • კომეტა მუმინების ხეობაში
  • ჯადოქრის ქუდი
  • უჩინარი ბავშვი
  • სახიფათო ზაფხული
  • მამა მუმინის მემუარები
  • ჯადოსნური ზამთარი
  • მამა და ზღვა
  • ნოემბრის მიწურულს
ტუვე იანსონი - ანდერსენის მედლის ლაურეატი, თანამედროვეობის უდიდესი საბავშვო მწერალი ქალი და ილუსტრატორი, ფინეთში ცხოვრობს, თუმცა თავის წიგნებს შვედურ ენაზე წერს.


რითია ეს წიგნი განსაკუთრებული?

თავიდან რომ იწყებ კითხვას, ვერ ხვდები ვისზეა ლაპარაკი. მუმინები? სნიფი? რა არსებები არიან? ნელ-ნელა კი შენს თვალწინ ახალი სამყარო იწყებს არსებობას. სამყარო, რომელიც სავსეა თავგადასავლებით და ემოციებით. სამყარო, რომლის მაცხოვრებლები არიან ტროლები, მუმრიკები და სნორკები. სამყარო, რომელიც სათავეს იღებს ტუვე იანსონის წარმოსახვაში.












ტუვე ფინელი ქალია, რომელიც შვედურად წერს, წერასთან ერთად ის ხატავს და თვითონაა მუმინების ბიბლიოთეკის ილუსტრატორიც. მისი წიგნები შემეცნებითი და ძალიან ადამიანურია.

1966 წელს ტუვემ მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ჯილდო მისი ღვაწლისთვის საბავშო ლიტერატურაში. 
მისი შვედურენოვანი წიგნები 33 ენაზე ითარგმნა.
ფინეთში არსებობს მუმინების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ტუვეს ნამუშევრები მუმინებზე და ნაანტალიში (ფინეთში ქალაქი) არსებობს გასართობი პარკი მუმინების სამყარო.

თქვენთვის რომ მეტი საინტერესო ინფორმაცია მომეწოდებინა, ინტერნეტში დავიწყე ქექვა და ძალიან საინტერესო ბლოგს გადავაწყდი (ინგლისურენოვანია). მისი ავტორი ტუვე იანსონს იცნობდა. მართალია, პირადად არასდროს შეხვედრია, მაგრამ მასთან მიმოწერა ჰქონდა. 
აი როგორ აღწერს ის ტუვეს წიგნებს: 
"რამაც მომხიბლა მუმინების ხეობის ქრონიკებში, იყო კომბინაცია ფანტასტიკური ზღაპრებისა ჩინებულ შავ-თეთრ ილუსტრაციებთან, რომლებიც სითბოს, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდას აღვივებენ, რომლებსაც ცოტაოდენი მწუხარება, ლტოლვა და სინანულიც დაჰკრავს და აჟღერებს მწვავე დარდს, რომელიც ნოსტალგიურიც არის და ნაღვლიანიც.  
მუმინების ხეობაში, ყველა - საინტერესო და უცნაურიც: უჩინარი ბავშვი ან ქალის კაბაში ჩაცმული ჰემული - მიღებული იყო და მათ იტოვებდნენ საცხოვრებლად მუმინების სახლში. 
ეს ტოლერანტული სამყაროა, სადაც სიყვარული უპირობოდ გარანტირებულია და ყველას აქვს საშუალება - წახალისებულებიც კი არიან - იყოს ის, რაც არის, კრიტიკისა და ცენზურის გარეშე; ეს არის სამყარო, სადაც სახლი უსაფრთხო ადგილია, ცხოვრების გულისცემის ცენტრი, სადაც მისი მცხოვრებლები ყოველთვის ბრუნდებიან და მათ ასევე, მთებსა და ზღვის მიღმა, თავგადასავლების საძიებლად წასვლის სრული თავისუფლება აქვთ."


და ბოლოს ამონარიდი წიგნიდან "კომეტა მუმინების ხეობაში": 

"- ყველას ეშინია, - აუხსნა სნუსმუმრიკმა. 
-კარგი ერთი, სახლში რისა უნდა შეგეშინდეს? - არ დაეთანხმა მუმინტროლი. 
- როგორც ჩანს, ჩვენ ყველაზე მამაცები ვართ! - შეიფერა სნიფმა და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხმალი აიქნია. 
- ჩვენი სიმამაცე არაფერ შუაშია, უბრალოდ, კომეტას უკვე შევეჩვიეთ, თითქმის დავუმეგობრდით კიდეც, - აუხსნა მუმინტროლმა, - ჩვენ ხომ პირველებმა შევიტყვეთ მისი ამბავი და თან სულ ვაკვირდებით, როგორ იზრდება. ალბათ როგორ მარტოსულად გრძნობს თავს... წარმოგიდგენიათ?.. 
- რასაკვირველია, როცა ყველას აშინებ, მარტოსული იქნები, აბა რა! - დაუდასტურა სნუსმუმრიკმა. 
ფრეკენ სნორკმა მუმინტროლს თათი ჩაავლო: - სანამ შენ არ გეშინია, გპირდები, რაც უნდა მოხდეს, არც მე შემეშინდება!"
კომეტა მუმინების ხეობაში - ტუვე იანსონი

*მე უბრალოდ მინდა, რომ ვიცხოვრო მშვიდად და დავრგო კარტოფილი და ვიოცნებო.

15 March 2010

ვან გოგი - მიმოხილვა

შაბათს 2 საათზე ბავშვებთან ერთად ბალახივით მწვანე ხალიჩაზე წამოვგორდი.  
წიგნი "ევროპელ ხალხთა ზღაპრები" გადავშალე ფრანგულ ზღაპარზე სახელად "მეფის ასული- თაგვი" და დავიწყეთ მოგზაურობა. ზღაპარი, რომ ჩავამთავრე უკვე საფრანგეთში ვიყავით, უფრო კონკრეტულად კი პარიზში.  
ახლა სად წავიდეთ? რა გინდათ ნახოთ პარიზში?  
ერთხმად პასუხი დისნეილენდი იყო. ყველა ბავშვს დისნეის სამყარო ახსენდება პარიზზე და ყველას იქ უნდა :) სიამოვნებით წავიდოდი თქვენთან ერთად ამ მხიარულ და საოცნებო ადგილას, მაგრამ წარმოსახვის საშუალებით რთულია ატრაქციონზე დაჯდე.  
პარიზში ძალიან ბევრი ადგილია სადაც მოხვედრა არამხოლოდ საინტერესო და "სავალდებულოა", არამედ რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ, აღგაფრთოვანებთ და შთაგაგონებთ. და შაბათსაც ასეთ ადგილს ვესტუმრეთ, ორსეს მუზეუმს.



ორსეს მუზეუმის შენობა პარიზის ცენტრში ააშენეს, როგორც მატარებლების სადგური და წლების განმავლობაში ათასობით მგზავრი ირეოდა ამ ადგილას. მაგრამ როდესაც გამოიგონეს ახალი ტიპის მატარებლები, უფრო დახვეწილები და ჩქარები, ამ სადგურმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 
ეს შენობა კი მიტოვებული იქნა. 
დანგრევასაც უპირებდნენ, მაგრამ იმ დროინდელმა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოიფიქრა, რომ ის მუზეუმად გადაექციათ და 1986 წელს გაიხსნა დიდი პუბლიკისთვის ორსეს მუზეუმი.  
ამ მუზეუმში 1848-1914 წლების ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილია. ძალიან ცნობილი მხატვრების შედევრებს წააწყდებით ამ მუზეუმში სეირნობისას . ოთახებში მხატვრებისა და პერიოდების მიხედვითაა გადანაწილებული ნამუშვერები.  
და აი ჩვენც მოვხვდით ოთახ ნომერ 35-ში, სადაც ვან გოგის შემოქმედება არის წარმოდგენილი.



ეს პალიტრა L-ის გამომცემლობის წიგნი ძალიან კარგადაა აწყობილი, ის ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილში ამ დიდი მხატვრის ბიოგრაფიაა მოთხრობილი.  
ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა ვინსენტ ვან გოგს. 
ის ბავშობიდან სულაც არ ხატავდა და არც მხატვრობაზე ფიქრობდა, 27 წლამდე მან ბევრი სხვა და სხვა პროფესია სცადა და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყო ხელი ხატვას. ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის საფრანგეთში სადაც იმპრესიონიზმსა და პუანტილიზმს უფრო მიუახლოვდა. 
იმპრესიონიზმი მიმდინარეობაა მხატრობაში, რომლის ტენდენციაც შთაბეჭდილებების ასახვაა ნახატში და არა საგანთა რეალობის. პუანტილიზმი კი მიმდინარეობაა, რომელსაც ახასიათებს თავისებური ხატვის სტილი, წვრილი ფერადი წერტილებით. 
ამ წიგნის მეორე ნაწილში წარმოდგენილია ვან გოგის რამდენიმე ნამუშევარი და მათ შესახებ პატარა ტექსტები.  
ამ წიგნის დათვალიერების შემდეგ, ისევ ორსეს მუზეუმში "დავბრუნდით" და თანამედროვე ტექნიკის დახმარებით დავათვალიერეთ ამ მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი შედევრი. ბავშვებს უნდა გამოეცნოთ, რომელი მათგანი იყო ვან გოგის, ამასთან ერთად საინტერესო კითხვები მქონდა ზოგიერთ მათგანზე. 
ყველას აქ ვერ ავტვირთავ, ძალიან ბევრია, ამიტომ მხოლოდ ვან გოგის რამდენიმე ნახატს წარმოგიდგენთ.








ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, 1888 ვინსენტ ვან გოგი 

აქ ვან გოგმა დახატა ღამე: როგორ ციმციმებს ვარსკვლავები და როგორ აირეკლავს წყალი განათებული ქალაქის შუქს. რატომ არ დახატა ვან გოგმა ვარსკვლავების ანარეკლი წყალზე? 
რადგან ვარსკვლავებს არ შიძლება ჰქონდეთ ანარეკლი წყალზე, ისინი ზედმეტად შორს არიან ცაში იმისთვის, რომ მათი ანარეკლი გამოჩნდეს წყალზე.







ავტოპორტრეტი, 1889 ვინსენტ ვან გოგი 

ეს ვან გოგის პორტრეტი მისივე შესრულებით არის რეალისტური და მისი გამოხედვის სიმძაფრე შთამბეჭდავია. ის ზის მბრუნავ, გრიგალურ ფონზე. ამ ავტოპორტრეტში რა ელემენტი წააგავს ფონს?
მხატვრის პიჯაკი, რომელიც ასევე არის ჩაბმული გრიგალში. ამით ვან გოგს უნდოდა ეჩვენებინა, რომ ის მისივე მხატვრობით იყო შეპყრობილი.



ოვერ-სურ-ოიზის ეკლესია, 1890 ვინსენტ ვან გოგი 

ვან გოგისთვის ხატვა იყო საშუალება გამოეხტა თავისი გრძნობები. აქ, მან სცადა გამოეხატა შფოთი, იმით რომ ჩვეულებრივი სოფლის ეკლესია აქცია დრამატურ მოტივად. დააკვირდი როგორი დეფორმირებულია ეკლესია და როგორი მუქია ცა. ისეთი გრძნობა გვრჩება თითქოს ცამ ეკლესია დაიპყრო. რაში ჩანს ეს?
ეკლესიის ფანჯრებში: მათ იგივე ფერი აქვთ რაც ცას.  







ამის შემდეგ გადავინაცვლეთ მაგიდებთან სადაც პუანტილისტური ნახატები დავხატეთ. მათი ელექტრონული ვერსია არ მაქვს, სამაგიეროდ ბავშვების ოთახში არის გამოფენილი. 
ესე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა საფრანგეთში, და როდესაც გავედით ოთახიდან ყველანი ისევ თბილისში ავღმოჩნდით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში.








12 March 2010

ვან გოგი - ანონსი


ბავშვებო, 
ხვალ 2 საათზე ლიგამუსის ბავშვთა ოთახში თუ მოხვალთ ჩემთან შესახვედრად არ დაიგვიანოთ, სამოგზაუროდ მივდივართ - საფრანგეთში! 
ფრანგული ხალხური ზღაპრის შემდეგ, გავემგზავრებით პარიზში, უფრო კონკრეტულად კი ორსეს მუზეუმში. 
მეტს არაფერს გეტყვით. 
ხვალამდე

09 March 2010

სიახლე - თეატრალური წრე

სიახლეა ბავშვების ოთახში! 
”ლიგამუსი” ახალ სერვისს გთავაზობთ 6-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის!
რა სერვისს?



თეატრალურ წრეს

წინა შაბათს, ანუ 6 მარტს, ჩატარდა პირველი შეხვედრა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ეს პროექტი გაგრძელდება 4 თვის განმავლობაში. კვირაში ორჯერ ორ-ორი საათით ვეცდებით ბავშვები ვამოგზაუროთ თეატრალური ხელოვნების კულისებში.


როდის? რომელ საათზე? სად? ვისთან ერთად? ვისთვის? სამწუხაროდ ჯერ ყველა კითხვაზე არ მაქვს პასუხი. ეს პროექტი განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე არის 6 წლის და ჯერ არ გამხდარა 11-ის. წიგნების მაღაზია "ლიგამუსის" ბავშვების ოთახში სამშაბათობით და შაბათობით, საათები ჯერ მორiგების პროცესშია, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ შაბათს რეპეტიცია 11 საათზე დაიწყება. ამ პროექტის ავტორები, შემსრულებლები, დირექტორები, წამყვანები ... არიან ელენე გავაშელიშვილი და თამთა კუხალეიშვილი (ანუ მე).
თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ არ მოგერიდოთ კომენტარებში დამისვით და პასუხს აუცილებლად გაგცემთ.


რაც შეეხება კითხვის დღეს! თატრალური წრის გამო, საათები გადაიწევს და ჩატერდება ხოლმე შაბათობით 2-დან 4 საათამდე.