17 March 2010

მოგზაურობა მუმინების ხეობაში


"- თითქოს ჩვეულებრივი ქუდია, - აღნიშნა სნორკმა, - რასაკვირველია, თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ ცილინდრი, საერთოდ, საკმაოდ უჩვეულო ნივთია."
ჯადოქრის ქუდი- ტუვე იანსონი

"I ONLY WANT TO LIVE IN PEACE AND PLANT POTATOES AND DREAM!"*
მუმინები; კომიქსი - ტუვე იანსონი





ეს წაიკითხე ძალიან დაგაინტერესებს! 
ეს წიგნი კლასიკაა, აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული! 
ამ ავტორის არაფერი გაქვს წაკითხული?! აუცილებლად წაიკითხე! 
ეს შედევრია!

პატარაობიდანვე ვიცით, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ. ვიცით თუ რომლებია კარგი წიგნები, შედევრები.

მართლაც, ამ წიგნებს რომ ვკითხულობთ, ისინი გვიყვარდება, გვანცვიფრებენ და ჩვენც ვხვდებით, თუ რატომ ლაპარაკობენ ამდენს მათზე.

თუმცა ჩემს ცხოვრებაში ისეც მომხდარა, რომ ჩემთვის სრულიად უცნობი წიგნი ამიღია და წამიკითხავს იმიტომ, რომ საინტერესო ან უბრალოდ სასაცილო სათაური აქვს, ან იმიტომ რომ მეტი წიგნი არ დევს თაროზე. თუმცა ამას არანაირი მნოშვნელობა აქვს... 
ორჯერ თუ სამჯერ, ასეთი წიგნის წაკითხვის შემდეგ გავიფიქრე: კი მაგრამ აქამდე სად ვიყავი? რატომ არავინ მითხრა ამ წიგნის შესახებ? შედევრი აღმოვაჩინე, რომელზეც ჯერ არავინ ლაპარაკობს!  
ეს ფიქრები ცოტა ხნის წინაც გამიჩნდა, როდესაც ტუვე იანსონის წიგნი "კომეტა მუმინების ხეობაში" წავიკითხე. ეს წიგნი ლიგამუსში იყიდება, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გასაყიდად დევს თაროზე. ტუვეს ნაწარმოებები დიდი პოპულარულობით არ გამოირჩევიან საქართველოში, ამიტომ ვკითხე მაღაზიის მენეჯერს – "მეტი წიგნი რატომ არ შემოგაქვთთქო?" მიპასუხა: – "არ იყიდება და იმიტომო".

გულდასაწყვეტია, რომ როცა მაღაზიაში საჩუქრის საყიდლად შევდივართ, ვირჩევთ ისეთ წიგნს, რომელზეც გვსმენია და ვერც კი ვამჩნევთ რა დევს თაროზე.

ამ წიგნს გულგრილად რომ აღარ ჩაუაროთ, აი როგორ გამოიყურება მისი ყდა და რა წერია უკან:


მუმინტროლი, სნუსმუმრიკი, ჰემული, სნიფი და უამრავი სხვა არსება, რომლებიც მუმინების ზღაპრულ ხეობაში ცხოვრობენ, უკვე რანდენიმე ათწლეულია ხიბლავენ მილიონობით ბავშვს მთელ მსოფლიოში.
,,მუმინების ბიბლიოთეკა" - ტუვე იანსონის წიგნები მუმინების საოცარი ხეობისა და იქ მობინადრე ზღაპრული არსებების შესახებ. თითოეულ მათგანში ტექსტი და ავტორისეული ილუსტრაციები ერთ მომაჯადოებელ მთლიანობას ქმნის.
  • კომეტა მუმინების ხეობაში
  • ჯადოქრის ქუდი
  • უჩინარი ბავშვი
  • სახიფათო ზაფხული
  • მამა მუმინის მემუარები
  • ჯადოსნური ზამთარი
  • მამა და ზღვა
  • ნოემბრის მიწურულს
ტუვე იანსონი - ანდერსენის მედლის ლაურეატი, თანამედროვეობის უდიდესი საბავშვო მწერალი ქალი და ილუსტრატორი, ფინეთში ცხოვრობს, თუმცა თავის წიგნებს შვედურ ენაზე წერს.


რითია ეს წიგნი განსაკუთრებული?

თავიდან რომ იწყებ კითხვას, ვერ ხვდები ვისზეა ლაპარაკი. მუმინები? სნიფი? რა არსებები არიან? ნელ-ნელა კი შენს თვალწინ ახალი სამყარო იწყებს არსებობას. სამყარო, რომელიც სავსეა თავგადასავლებით და ემოციებით. სამყარო, რომლის მაცხოვრებლები არიან ტროლები, მუმრიკები და სნორკები. სამყარო, რომელიც სათავეს იღებს ტუვე იანსონის წარმოსახვაში.












ტუვე ფინელი ქალია, რომელიც შვედურად წერს, წერასთან ერთად ის ხატავს და თვითონაა მუმინების ბიბლიოთეკის ილუსტრატორიც. მისი წიგნები შემეცნებითი და ძალიან ადამიანურია.

1966 წელს ტუვემ მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის ჯილდო მისი ღვაწლისთვის საბავშო ლიტერატურაში. 
მისი შვედურენოვანი წიგნები 33 ენაზე ითარგმნა.
ფინეთში არსებობს მუმინების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ტუვეს ნამუშევრები მუმინებზე და ნაანტალიში (ფინეთში ქალაქი) არსებობს გასართობი პარკი მუმინების სამყარო.

თქვენთვის რომ მეტი საინტერესო ინფორმაცია მომეწოდებინა, ინტერნეტში დავიწყე ქექვა და ძალიან საინტერესო ბლოგს გადავაწყდი (ინგლისურენოვანია). მისი ავტორი ტუვე იანსონს იცნობდა. მართალია, პირადად არასდროს შეხვედრია, მაგრამ მასთან მიმოწერა ჰქონდა. 
აი როგორ აღწერს ის ტუვეს წიგნებს: 
"რამაც მომხიბლა მუმინების ხეობის ქრონიკებში, იყო კომბინაცია ფანტასტიკური ზღაპრებისა ჩინებულ შავ-თეთრ ილუსტრაციებთან, რომლებიც სითბოს, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდას აღვივებენ, რომლებსაც ცოტაოდენი მწუხარება, ლტოლვა და სინანულიც დაჰკრავს და აჟღერებს მწვავე დარდს, რომელიც ნოსტალგიურიც არის და ნაღვლიანიც.  
მუმინების ხეობაში, ყველა - საინტერესო და უცნაურიც: უჩინარი ბავშვი ან ქალის კაბაში ჩაცმული ჰემული - მიღებული იყო და მათ იტოვებდნენ საცხოვრებლად მუმინების სახლში. 
ეს ტოლერანტული სამყაროა, სადაც სიყვარული უპირობოდ გარანტირებულია და ყველას აქვს საშუალება - წახალისებულებიც კი არიან - იყოს ის, რაც არის, კრიტიკისა და ცენზურის გარეშე; ეს არის სამყარო, სადაც სახლი უსაფრთხო ადგილია, ცხოვრების გულისცემის ცენტრი, სადაც მისი მცხოვრებლები ყოველთვის ბრუნდებიან და მათ ასევე, მთებსა და ზღვის მიღმა, თავგადასავლების საძიებლად წასვლის სრული თავისუფლება აქვთ."


და ბოლოს ამონარიდი წიგნიდან "კომეტა მუმინების ხეობაში": 

"- ყველას ეშინია, - აუხსნა სნუსმუმრიკმა. 
-კარგი ერთი, სახლში რისა უნდა შეგეშინდეს? - არ დაეთანხმა მუმინტროლი. 
- როგორც ჩანს, ჩვენ ყველაზე მამაცები ვართ! - შეიფერა სნიფმა და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხმალი აიქნია. 
- ჩვენი სიმამაცე არაფერ შუაშია, უბრალოდ, კომეტას უკვე შევეჩვიეთ, თითქმის დავუმეგობრდით კიდეც, - აუხსნა მუმინტროლმა, - ჩვენ ხომ პირველებმა შევიტყვეთ მისი ამბავი და თან სულ ვაკვირდებით, როგორ იზრდება. ალბათ როგორ მარტოსულად გრძნობს თავს... წარმოგიდგენიათ?.. 
- რასაკვირველია, როცა ყველას აშინებ, მარტოსული იქნები, აბა რა! - დაუდასტურა სნუსმუმრიკმა. 
ფრეკენ სნორკმა მუმინტროლს თათი ჩაავლო: - სანამ შენ არ გეშინია, გპირდები, რაც უნდა მოხდეს, არც მე შემეშინდება!"
კომეტა მუმინების ხეობაში - ტუვე იანსონი

*მე უბრალოდ მინდა, რომ ვიცხოვრო მშვიდად და დავრგო კარტოფილი და ვიოცნებო.

4 comments:

  1. მეც მომინდა წაკითხვა :) ძალიან მომხიბლავი ანოტაციაა, უფრო სწორად მომხიბლავიც აღარ ჰქვია ამას, უბრალოდ გაიძულებს, რომ იყიდო :)

    ReplyDelete
  2. ისე მომენატრა რამე ახალი, საინტერესო წიგნის წაკითხვა, რომ ვერ წარმოიდგენ... ჩემი ბებია მახსენდება ხშირად, ცხოვრების ბოლო წლებში ზღაპრებს კითხულობდა, ვხვდები რატომაც...აუცილებლად გესტუმრები და შევიძენ ამ წიგნს...

    ReplyDelete
  3. ელექტრონული ვერსია ხომ არ დევს სადმე?

    ReplyDelete