29 November 2010

სამყარო II . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – მიმოხილვა

სამყაროს დღეებმა გაამართლა. ბოლო ორი შაბათი ძალიან საინტერესო და პროდუქტიული გამოდგა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ!



ამ შაბათს წავიკითხე წიგნი, რომელიც ინტერნეტში აღმოვაჩინე ნასას გვერდზე. ძალიან მომეწონა და სპეციალურად შაბათს მოსული ბავშვებისთვის ვთარგმნე ქართულად.
ამ წიგნის სახელია პლანეტების პირველი წლიური კონკურსი” და როგორც სათაური მიგვითითებს, ის მოგვითხრობს კონკურსის შესახებ, რომელიც ჩატარდა საუკეთესო პლანეტის გამოსავლენად. 
შემდეგ ჩვენ ავაგეთ ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”. ისეთი ლამაზი გამოვიდა!!







მის დამზადების ინსტრუქციას შემდეგ პოსტში დავწერ, ეხლა კი სურათებით დატკბით.




26 November 2010

სამყარო . მოგზაურობა მზის სისტემის გარშემო – ანონსი


ხვალ, 11 საათზე პლანეტების დაჯილდოვება იწყება. თუ გაინტერესებს ვინ მიიღებს საუკეთესო პლანეტის წოდებას არ დაიგვიანო.
დაჯილდოვება მალე ჩაივლის, მერე კი უნდა ავაგოთ მზის სისტემის ულამაზესი მოდელი.

22 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– მიმოხილვა


ბალახივით მწვანე ხალიჩაზე ისევ გადავშალე წიგნი და დავიწყე კითხვა. "კომეტა მუმინების ხობაში" – ეს ტუვე იანსონის დაწერილი წიგნი ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი საბავშვო წიგნია.



მუმინტროლი და სნიფი გაემგზავრნენ ობსერვატორიაში, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ვარსკვლავების და სამყაროს შესახებ. როგორც ონდატრა ამბობს მალე სამყაროს დასასრული დადგება, რადგან კომეტა ჩამოვარდება დედამიწაზე.



სანამ მუმინტროლი და სნიფი ამ ინფორმაციის სისწორეს ობსერვატორიაში ამოწმებდნენ, ჩვენ გადავწყვიტეთ ლიგამუსის ბავშვების ოთახში შატლი აგვეგო. შატლი კოსმოსური ხომალდია, რომლითაც გავფრინდით და კომეტა ვნახეთ.





დედამიწაზე რომ დავბრუნდით ჩამოვიტანეთ ცოდნა და აი ეს ვიდეო. ამ ვიდეოში ნახავ, რა ვნახეთ და აღმოვაჩინეთ მოგზაურობის დროს.

19 November 2010

სამყარო . მოგზაურობა კოსმოსში– ანონსი


თუ მზად ხარ გახდე ასტრონომი, შაბათს 11 საათზე ლიგამუსის ბავშვების ოთახში მოდი და არ დაიგვიანო!
მუმინების ხეობაში დიდი პრობლემაა! ონდატრა ამბობს მალე კომეტა ჩამოვარდებაო! მუმინების შესახებ თუ მეტი გაინტერესებს, აი ეს პოსტი წაიკითხე. ხვალ კი გავეცნობით წიგნს სახელად "კომეტა მუმინების ხეობაში".
კომეტის ამბავს, ესე ხომ არ დავტოვებთ?!... უნდა რამე ვიღონოთ! ამისთვის კი ვფიქრობ უმჯობესია ხომალდი ავაგოთ და გავემგზავროთ კოსმოსში. ჩევნი თვალით ვნახოთ რა ხდება იქ.

16 November 2010

ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე – მიმოხილვა

შაბათს დილით ლიგამუსში რომ მივედი, პირველ რიგში ტორტი გამოვიღე მაცივრიდან  და ბავშვების ოთახში შევიტანე. ელენე, ჩემი ერთგული მეგობარი (ყველა მეზრაპრეს ჰყავს ერთგული მეგობარი), ამბობდა: ტორტი აქ რომ დავდოთ, ყველას ნერწყვები მოადგება და ყურადღებას წიგნებზე ვეღარ გადავიტანთო. მე კიდევ უკვე მოჯადოებული ვიყავი ტორტით და ვერაფრით ჩავაბრუნე ის ყუთში. პირიქით, ამოვიღე სანთლები და ჩავარჭე ჯერ ერთიანი, მერე ნულიანი და ბოლოს სამიანი. ლინდგრენი ხომ 103 წლის გახდებოდა.












ბავშვებს ძალიან უყვართ დაბადების დღეები და ბევრნი მოვიდნენ, ძალიან ბევრნი! გოგოებიც იყვნენ, ერთერთი საერთოდ გეგონებოდა ლინდგრენის წიგნიდან გვესტუმრაო.
გავიძრეთ ფეხსაცმელები და გადავძვერით ჩვენს ბალახივით მწვანე ხალიჩაზე.
პირველ რიგში კარგად გავერკვიეთ ვის დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ვინ არის ასტრიდ ლინდგრენი? როგორ იცხოვრა? რა დაწერა? რატომ დაიწყო საერთოდ წიგნების წერა?



ვიდეოს ყურების შემდეგ, გადმოვიღე ლინდგრენის ერთერთი წიგნი "ბულერბიელი ბავშვები" და წავუკითხე ბავშვებს რამდენიმე თავი.


ეს მართლაც რომ ძალიან კარგი წიგნია. ამ ზღაპრის დღისთვის, რომ ვემზადებოდი ის თავიდან ბოლომდე წავიკითხე. თავს ვერ ვიკავებდი ხმამაღლა მეცინებოდა.
სახალისო და კარგი წასაკითხი წიგნია. გირჩევთ ყველას წაიკითხოთ, უფროსებსაც!


ბალახივით მწვანე ხალიჩაზევე დავიწყეთ "ამის პატრონმა რა ჰქნას" თამაში, ამ თამაშს ბულერბიელი ბავშვებიც სიამოვნებით თამაშობენ ხოლმე. ყველამ ჩვენი ფანტი ავირჩიეთ და სათითაოდ ვიხუჭებოდით. ზოგს ასკინკილა ხტუნვა მოუწია, ზოგს მანქანის დახატვა, ზოგსაც თავდაყირა დადგომა.

სტუმრად მოსულ ბავშვების უმრავლესობას ხატვა ძალიან უყვარს, ამიტომ გადავინაცვლეთ მაგიდებთან და დავხატეთ ლინდგრენის წიგნებიდან სცენები და პერსონაჟები. მაგალითად ნიკამ პეპის ცხენი დახატა, ანდრომ ბულერბის სახლები, ივამ კი პოლიციელები, რომლებიც პეპის ესტუმრნენ.










ყველამ გავაკარით ჩვენ ჩვენი ნახატები ოთახის კედლებზე და შემდეგ შევგროვდით ტორტის ირგვლივ. ავანთეთ სანთლები და შუშხუნები, ვუმღერეთ ლინდგრენს დაბადების დღის სიმღერა და დავჭერით ტორტი.



იფ, რა გემრიელი ტორტი გამოდგა! ყველამ ჩავიტკბარუნეთ პირები.