25 March 2010

ანდერსენის ზღაპრების დღე - მიმოხილვა


ჰანს კრისტიან ანდერსენი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი მეზღაპრე. 
მისი ზღაპრები 150-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მათი მიხედვით ძალიან ბევრი მულტფილმი და კინოფილმი გადაიღეს და სპექტაკლი დაიდგა. მისი ზღაპრებია "მამაცი კალის ჯარისკაცი", "თოვლის დედოფალი", "პატარა ქალთევზა", "ნამცეცა" და "საძაგელი იხვის ჭუკი". 
ანდერსენი დაიბადა 1805 წელს დანიაში, ერთ ღარიბ ოჯახში. ის ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა და ამის გამო მას მოუწია, რომ სკოლაში სიარული შეეწყვიტა.  
ანდერსენს ძალიან უყვარდა წიგნები და კითხულობდა ყველაფერს რასაც პოულობდა. ის ოცნებობდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი, ამისთვის კოპენჰაგენში წავიდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 
ანდერსენით დაინტერესდა მეფე ფრიდერიკ VI. მეფე მფარველობდა ანდერსენს. სასწავლებლად გრამატიკის სკოლაში გაგზავნა. ამის შემდეგ დაიწყო ანდერსენმა წიგნების გამოცემა, მან ლექსების კრებული და ზღაპრების წიგნებიც კი გამოაქვეყნა.  
ანდერსენი ზღაპრებს უფროსებისთვის წერდა, მაგრამ მათ პოპულარულობა ბავშვებში მოიპოვეს. ანუ ბავშვები დაინტერესდნენ და გაეცნენ მის ზღაპრებს და მათ შეიყვარეს ისინი. 
1875 წელს კი ანდერსენი გარდაიცვალა და დაკრძალეს კოპენჰაგენში.

ადრეც მინდოდა შაბათის კითხვის დღეზე ანდერსენის ზღაპრები წამეკითხა, მაგრამ წიგნი ვერ ვიპოვე და ამიტომ ხელი მქონდა ჩაქნეული სანამ ლიგამუსის თაროზე, რომელიც განკუთვნილია ახალი წიგნებისთვის შევამჩნიე ეს წიგნი:



ეს წიგნი რომ არა, არანაირი ანდერსენის დღე არ იქნებოდა, რადგან არ არსებობს ანდერსენის კრებულის ალტერნატივა. თუმცა სიმართლე გითხრათ წიგნზე არ ვგიჟდები, ვფიქრობ ნახატების ბრალია, მე მგონი ფერები არ მომწონს... მოკლედ ვერ ვხვდები. მაგრამ რაც არ უნდა იყოს მაინც ანდესნენის წიგნია და ის რაც თეთრზე შავად წერია ძალიან შთამბეჭდავია. როგორც მეზღაპრე ვფიქრობ ოჯახში სადაც ერთი ბავშვი მაინც არის აუცილებლად უნდა იყოს ანდესენის წიგნი მშობლიურ ენაზე!!

"შეუპოვარი კალის ჯარისკაცი" წავიკითხე. შემდეგ, ამ ზღაპრის მიხედვით დახატულ დისნეის მულტფილმს ვუყურეთ, რომელიც ცოტათი განსხვავდება ორიგინალისგან, მაგალითად დასასრული სხვადასხვა ნაირი აქვთ.


ამის შემდეგ რა გავაკეთეთ? 
ანდერსენის ამ წიგნშივე წერია ზღაპარი სახელად "შიშველი მეფე" და ეს ზღაპარი წავიკითხე. ამ ზღაპრის მიხედვით ბავშვებს უნდა შეექმნათ კომიქსი.
რა არის კომიქსი? 
აი ეს განმარტება ვიპოვე: კომიქსი ხელოვნების ფორმაა, რომელიც შედგება გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციისაგან. თავდაპირველად გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო ისტორიებით, თუმცა დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა. 
ანუ, აი, ეს არის კომიქსი:


როგორ უნდა დახატო კომიქსი, და სხვადასხვა ხერხები და ხრიკები მოცემულია წიგნში "დიდი წიგნი ხელოვნებაზე". იქაც ცოტა ჩავიხედეთ და გაჩაღდა მუშაობა. როცა ჩვენმა მხატვრებმა მოამთავრეს მუშაობა, თავიანთი ნამუშევრები წაიღეს, მხოლოდ ალექსანდრემ (9 წლის) დაგვიტოვა და კედელზეც საპატიო ადგილას ჩამოვკიდეთ. აი ისიც:

No comments:

Post a Comment