08 December 2010

”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”

წინა შაბათს, ზღაპრის დღეზე ძალიან საინტერესო რამ გავაკეთეთ...დააჭირე აქ და ნახე. ოთახისთვის ჭაღი დავამზადეთ. ნათურა მზედ ვაქციეთ და ირგვლივ პლანეტები დავუკიდეთ. აი ასეთი გამოგვივიდა:

როგორ კეთდება ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღი”?


დაგჭირდება:
  • 8 ბურთი
  • ერთი კომპაქტ დისკი
  • წებო
  • სარჭი
  • ძუა
  • მუყაოს ქაღალდი
  • მყარი ძაფი
  • ლურჯი ფლომასტერი
  • ყვითელი წებოვანი ფურცელი
  • მაკრატელი
  • ფანქარი
  • ბრჭყვიალა წებოები
  • ფერადი ფურცლები ან ძველი ფერადი ჟურნალები
  • წიგნი კოსმოსის შესახებ
  • ყვითელი საღებავი
  • ფუნჯი
  • ჩინური მრგვალი ჭაღი
  • უფროსის დახმარება

პირველ რიგში მოამზადე მზე: აიღე ჩინური ჭაღი და შეღებე ყვითელი საღებავით. აცადე გაშრობა.



სანამ ჭაღი შრება...
დაამზადე ცა. აიღე მუყაოს ქაღალდი და გამოჭერი რაც შეიძლება დიდი წრე. ცენტრში კიდევ პატარა წრე ამოჭერი და ნაპირში ოთხ ადგილას გახვრიტე, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. ამ ნახვრეტებში გაუყარე და განასკვე ძაფი. თითო ძაფის სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრი უნდა იყოს. შემდგომ ამ ძაფებს გამოიყენებ ცის სანათზე მისამაგრებლად.
წრის ერთი მხარე გააფერადე ლურჯად. 
ყვითელ წებოვან ფურცელზე დახატე სხვადასხვა ზომის ვარსკვლავები და გამოჭერი. ეს ვარსკვლავები ლურჯად გაფერადებულ წრეს მიაკარი. 
წრის მეორე მხარეს რვა წრე დახატე (იხ. ზედა ნახატი). ეს წრეები  პლანეტების ორბიტების აღმნიშვნელია. თითო წრეს თითო ნახვრეტი გაუკეთე, სადაც პლანეტა დაეკიდება. ეცადე ეს ნავრეტები ერთმანეთისაგან რაც შეიძლება დაშორებული იყოს. არ დაგავიწყდეს, მხოლოდ რვა ნახვრეტი გჭირდება, ანუ რამდენი პლანეტაც არის მზის სისტემაში!
დაიხმარე უფროსი და სანათზე მყარი ძაფით წრე დაამაგრეთ. წრის ვარსკვლავებიანი მხარე ქვემოთ უნდა იყურებოდეს.
ამის შემდეგ ყვითლად გაფერადებული ჩინური ჭაღის ჩამოკიდებაც შეგიძლია.





ახლა კი პლანეტების დამზადების დროც დადგა

ამისათვის საჭიროა შეიძინო ან სახლში მოიძიო 8 სხვადასხვა ზომის ბურთი. ეს ბურთები შეიძლება სხვადასხვა მასალისაგან იყოს დამზადებული. მთავარია, მსუბუქი იყოს. ჩვენ ნაძვის ხის ძველი ბურთები ავირჩიეთ და პლანეტებად გამოვიყენეთ.
მნიშვნელოვანია გაითვალისწინო, რომ პლანეტები სხვადასხვა ზომის არიან. მერკური ყველაზე პატარა პლანეტაა, შემდეგ მოდის მარსი, დედამიწა და ვენერა მარსზე ორჯერ უფრო დიდები არიან. ნეპტუნი დედამიწაზე უფრო დიდია, მასში სამოცი დედამიწისხელა პლანეტა მოთავსდებოდა. შემდეგ მოდის ურანი, რომელიც იუპიტერზე ოდნავ დიდია. სატურნი ურანზე ბევრად დიდია, ის 764 ჯერ უფრო დიდია ვიდრე დედამიწა. იუპიტერი მთელს მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა, ის ისეთი უზარმაზარია, რომ მასში ყველა პლანეტა ერთად მოთავსდებოდა. 
კოსმოსის შესახებ ბევრი წიგნი და ენციკლოპედია არსებობს, დაათვალიერე და ნახე როგორ გამოიყურებიან ეს პლანეტები, რა ფერისები არიან, რა ფიზიკური მახასიათებლები აქვთ და ამის მიხედვით გააფორმე ბურთები. შეგიძლია ფერადი ფურცლები ან ძველი ჟურნალები დაჭრა და მიაწებო, შეგიძლია გამოიყენო ბრჭყვიალა წებოებიც.

სატურნის დასამზადებლად ბურთის გარდა დაგჭირდება კომპაქტ დისკიც. სატურნს ძალიან ლამაზი რგოლები აქვს. ამ რგოლების გარეშე სატურნი სატურნი აღარ იქნება, ამიტომ აუცილებლად უნდა გაუკეთო ეს რგოლები.
ამისთვის აარჩიე სატურნის შესაბამისი ზომის ბურთი, რომლის შუაზე გაჭრასაც მოახერხებ. უფროსი დაიხმარე და ბურთი შუაზე გაჭერი. კომპაქტ დისკს წაუსვი წებო ორივე მხარეს და მიაწებე ბურთის ნახევარ სფეროები დისკს, როგორც სუარათზეა ნაჩვენები. სარჭი მიამაგრე ბურთს.
მის დახმარებით მოახერხებ სატურნის ძუაზე დაკიდებას.

თუ ყველა პლანეტა მზად გაქვს და ცოტა შეშრნენ კიდეც, დროა ჩამოკიდო ისინი ცაზე და დაასრულო ჭაღი.
ყველა პლანეტას ძუა გამოაბი. ძუის გამოყენება ძალიან ჭკვიანურია, რადგან ის ადვილად არ წყდება და თან გამჭვირვალეა და თითქმის არ ჩანს. უფროსის დახმარებით, უკვე გაკეთებულ ხვრელებში ჩამოკიდე პლანეტები შემდეგი მიმდევრობით:
  1. მზესთან ყველაზე ახლოს მერკური
  2. შემდეგ ვენერა 
  3. დედამიწა 
  4. მარსი
  5. მათ იუპიტერი მოსდევთ
  6. შემდეგ მოდის სატურნი
  7. ურანი
  8. ნეპტუნი კი მზისგან ყველაზე შორს მდებარეობს
კიბიდან ჩამოდი და შუქი აანთე. ახლა კი შეგიძლია შენით დამზადებული  ”მზის სისტემის მოდელი-ჭაღით” დატკბე.

No comments:

Post a Comment