დილით რომ ვიღვიძებ, ასეთი უცნაური ჩვევა მაქვს: საათის მაგივრად ფანჯარაში ვიხედები, რომ გავიგო ადგომის დროა თუ არა. ამ შაბათს, რომ გავიღვიძე ისევ ფანჯარაში გავიხედე და თვალები დიდად ღია დამრჩა. თოვლს სრულად დაეფარა პეიზაჟი.
რა ლამაზია! ალბათ დღეს ბევრი ბავშვი არ მოვა. ეს ორი რამ გავიფიქრე და გულდაწყვეტილი ავდექი და წავედი ლიგამუსში.
შევცდი, ბავშვები მოვიდნენ და ორი საათის შემდეგ ძალიან კმაყოფილები წავიდნენ. მეც კმაყოფილი წამოვედი. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო იყო.
სტუმრად სანდრო ასათიანი გვეწვია თამარა კალხიტაშვილთან ერთად, როგორც წინა პოსტში გითხარით. სანდრო ბავშვებისთვის წიგნების წერის გარდა ილუსტრაციებსაც ქმნის, ამიტომ თავისივე წიგნები წაგვიკითხა და ფონად ილუსტრაციები დაგვათვალიერებინა. მისი წიგნები მოკლე და ადვილი წასაკითხია. გასაოცარი და ოცნებით აღსავსე ისტორიები უცნაურად და სახალისოდ ილუსტრირებულია.
სანდრომ ასევე გვანახა თავისი საიტი, რომლიდანაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვირტუალურ გამომცემლობაში, სადაც შეძლებთ უკეთ გაეცნოთ მის შემოქმედებას. აქ ნახავთ წიგნებს, რომლებიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ, კომპიუტერულ თამაშებს და screen saver-ებს. ელექტრონული წიგნები საიტზე ინგლისურ და რუსულ ენებზეა, ქართული ვერსიებისთვის ჩვენს წიგნების მაღაზიას ესტუმრეთ და ლიგამუსში შეძლებთ მათ შეძენას.
სანდრომ მხოლოდ საქართველოში გამოცემული წიგნები არ წაგვიკითხა, მან ასევე გაგვაცნო წიგნები, რომლებიც ჯერ ქართულად არ გამოცემულა. ძალიან საინტერესო იყო. შემდეგ ბავშვებს შავ-თეთრი წიგნების გმირები დაურიგა და საშუალება მისცა, რომ ისეთივე ფერადები გაეხადათ, როგორებიც სანდროს წიგნებში არიან.
მინდა მას და თამარას დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი საინტერესო დრო გაგვატარებინეს და წარმატებები ვუსურვო.
მადლობა, მეზღაპრევ, მართლაც მშვენიერი დღე გამოგვივიდა :)
ReplyDeleteთამარა