22 February 2010

ჩინური ახალი წელი - მიმოხილვა



წინა შაბათს ჩინური ახალი წელი ავღნიშნეთ! და თანაც ძალიან ბევრმა მიიღო ამაში მონაწილეობა, ამიტომ გამოგვივიდა ძალიან სახალისო და საინტერესო დღესასწაული.



ყველას ვინც იყავით მოსული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის.  


დანარჩენებს კი ამ ბლოგის საშუალებით მოგიყვებით ყველაფერს ამ ჩინურ დღესასწაულზე და იმაზე თუ როგორ ავღნიშნეთ ჩვენ იგი.


წელს ჩინური ახალი წელი 14 თებერვალს დადგა და ვეფხვის წელი დაიწყო!


იმისთვის, რომ ცოტათი მაინც შემექმნა ჩინური გარემო, გამოვეწყვე ჩინელივით, ჩავიცვი კიმანო (ეს არის ჩინური ტრადიციული ტანსაცმელი) და გაკიკეთე თმები ჩინელივით (ხშირად კოსები ადევთ ხოლმე თავზე, რომელიც დამაგრებული აქვთ ორი ჯოხის საშუალებით), ასევე დავიჭირე ჩინური ქოლგა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბავშვებში მთელი დღის განმავლობში. ჩაცმულობის გარდა ჩინური გარემოს შესაქმნელად მუსიკალური ფონი შევქმენი.
თუ ვინმეს ეს მუსიკა დაგაინტერესებთ და სურვილი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ მეილზე მომწეროთ და სიამოვნებით გადმოგიგზავნით ან დისკზე ჩაგიწერთ და შაბათ დღეს ლიგამუსში მოგაწვდით.





როგორც ყოველთვის, თავიდან ყველანი შევიკრიბეთ ჩვენ ბალახივით მწვანე ხალიჩაზე და მე გადავშალე ძალიან საინტერესო წიგნი: "აზიის ხალხთა ზღაპრები". ამ პალიტრა L-ის გამომცემლობის წიგნს ალბათ ხშირად წავიკითხავ ხოლმე კითხვის დღეების დროს, რადგან ის ძალიან მრავალფეროვანია, მასში არის მოქცეული ძალიან საინტერესო ქვეყნების ზღეპრები. ამ წიგნიდან ორი ჩინური ზღაპარი ამოვარჩიე და წავიკითხე: "საახალწლო საჩუქარი" და "სიბრძნის მარცვლები" და ისინი როგორც ყველა კარგი ზღაპარი საინტერესო და მომაჯადოვებლებია.  


ამის შემდეგ კი იმისთვის, რომ უფრო ღრმად შეგვებიჯა ჩინურ სამყაროში ვიდეო მასალა გამოვიყენე. ეს ვიდეო ინგლისურადაა, ამიტომ ვიდეოს ფონზე მე მოვუყევი ბავშვებს ქართულად ჩინური ახალი წლის შესახებ და ამ ტექტსაც აქ გიწერთ.  




კაშკაშა ფერები, კარნავლის სული და ფეიერვერკების სროლა - აი ეს არის დაუვიწყარი სანახაობები გაზაფხულის ფესტივალის, რომელიც საერთოდ ცნობილია, როგორც ჩინური ახალი წელი.  
ეს არის დღესასწაული, რომელიც გრძელდება 15 დღე - 
ყველაზე ფერადი და მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩინურ კალენდარში.  
ჩინელები აღნიშნავენ ახალ წელს ქრისტეს შობამდე 2000 წლიდან მოყოლებული. 


მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული მხიარულია, ის წარმოიშვა შიშიდან და მითებიდან.  
ერთი ძველი ჩინური ლეგენდა გვიყვება ურჩხულის შესახებ, რომელსაც ჰქვია "ნიენ". ის ჩნდება ყოველ წელს ზამთარის ბოლოს და თავს ესხმის ადამიანებს. იმისთვის რომ დაეფრთხოთ ურჩხული ადამიანები იყენებდნენ წითელ ფერს, ხმამაღალ ხმებს და კაშკაშა სინათლეს - აქედან დაიბადა ჩინური ახალი წლის ტრადიციები.  


საუკუნეების განმავლობაში ჩინურ ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. 
ჩინური ახალი წელი აღინიშნება მთვარის კალენდრის პირველ თვეს ანუ ჩვენი კალენდრის მიხედვით იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში.  


ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა იყიდონ ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ისინი ბევრს ხარჯავენ მაშხალებში და კარგად ირჩევენ საახალწლო სადილისთვის განსაკუთრებულ ინგრედიენტებს.  
წითელი არის ფერი ბედნიერებისა და სიუხვის. ახალი წლის სიმბოლოებს დაწერილ წითელ ქაღალდზე კიდებენ ყველა კარსა და ფანჯარაზე, რათა მოუტანონ იღბალი.  
დღესაც ტრადიციულად, ოჯახები ახალ წელს ერთად აღნიშნავენ. ახალი წლის წინა დღეს გემრიელ სადილს შეექცევიან. ეს ყველაზე სიმბოლური სადილია მთელი წლის განმავლობაში. 
მთლიანი თევზი არის სიუხვის სიმბოლო და ქათამი კი იღბლის. ორივე სუფრაზე დევს თავითა და კუდით, რომლებიც დამდეგი ახალი წლის კარგი დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებია.  


სადილის შემდეგ უფროსები პარატებს ურიგებენ წითელ კონვერტებს, რომლებსაც ზემოდან საახალწლო მილოცვა აწერიათ და შიგნით კი "იღბლიანი ფული" დევს.  


ახალი წლის პირველ დღეს ქუჩაში გადიან და მთელი დღე ფეიერვერკებსა და მაშხალებს აფეთქებენ. დღესასწაული გრძელდება ორი კვირის განმავლობაში ტრადიციული ცერემონიებითა და მოწყალების დღეებით.  
მეთხუტმეტე დღეს კი ჩირაღდნების ფესტივალია. ეს არის ნიშანი საახალწლო დღესასწაულის დასასრულის. ეს ტრადიცია ძალიან ძველია. 4000 წლის წინ იმპერატორები ტოვებდნენ თავიანთ სასახლეებს ჩირაღდნებით ხელში და გარეთ გადიოდნენ, რათა პატივი მიეგოთ სამყაროსთვის.  


დღეს ჩირაღდნები ალამაზებენ სიცოცხლით სავსე პარადს, რომლის დროსაც მოცეკვავე ლომები და ულამაზესი დრაკონები დაიარებიან ქუჩაში და ავრცელებენ იღბალს. 
დღესასწაული სრულდება, მაგრამ რჩება მომავლის იმედი და ახალი ჩინური წელი იწყება კვლავ.



როგორც ტრადიცია მოითხოვს ჩვენც შემოსასვლელ კარში დავკიდეთ წითელ ქაღალდზე დაწერილი ჩინური ტექსტი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს იღბალი ამ წლის განმავლობაში. ამ საახალწლო დეკორაციას Chun Lian ჰქვია.



ვიდეოს მეშვეობით გავიგეთ, რომ დრაკონებს მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავთ ახალი წლის დღესასწაულში, ფაქტობრივად მის გარეშე პარადები არ იმართება, რადგან დრაკონის ცეკვის შესრულება დამდეგი წლის იღბლიანობისთვის აუცილებელია.  
ვერც ჩვენ ავღნიშნავდით ამ დღესასწაულს მათ გარეშე. 
პალიტრა L-ის წიგნი სახელად "დიდი წიგნი ხელოვნებაზე" გადავშალეთ 148 გვერდზე, სადაც წერია თუ როგორ კეთდება მინიატურული ჩინური დრაკონი. და აი შედეგიც:



ბოლოს კი ტრადიცია არ დავარღვიეთ და როგორც უფროსმა მეზღაპრემ ბავშვებს დავურიგე წითელი კონვერტები, რომლებშიც "იღბლიანი ფული" იდო! 
ზღაპრების სამყაროში ყველაფერი ისეთი არ არის როგორიც რეალობაში და ამ შემთხვევაშიც ფული არ გავდა იმ ფულს რომელსაც საერთოდ ჩინელები ჩუქნიან ხოლმე ბავშვებს ახალ წელს, ზღაპრების სამყაროში ეს ფული შოკოლადის იყო და თანაც ძალიან გემრიელი შესაჭმელი.  
ასეთი საჩუქრებით დავასრულეთ დღე.  


თუმცა ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის მეტი ინფორმაცია მაქვს.  


თუ გინდა შენც სახლში აღნიშნო ჩინური ახალი წელი ჯერ გვიანი არ არის, არ დაგავიწყდეს რომ ის ჩინეთში 15 დღის განმავლობაში აღინიშნება, ანუ მას 28 თებერვლამდე აღნიშნავენ, შეგიძლია ამ საიტზე შეხვიდე.  
იქ აღმოაჩენ ჩინური ფაზლის არსებობის შესახებ. 
იცოდი, რომ ფაზლის ასეთი ტიპიც არსებობდა? 
მე არა, ძალიან საინტერესო ჩანს, შეგიძლია ბევრი ფორმა ააწყო, უბრალოდ გაავარჯიშე შენი წარმოსახვა... ასევე შეგიძლია ნახო როგორ მზადდება ჩინური ჩირაღდნები და ფერადი ქაღალდებისგან ბევრი დაამზადო, ძალიან ლამაზი დეკორაცია გამოგივა და ჩინურ გარემოსაც ადვილად შექმნი.


გილოცავთ ვეფხვის წლის დადგომას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ! 


მე კი ვეცდები ამ წლის ყოველ შაბათს დაგხვდეთ ლიგამუსის ბავშთა ოთახში და დაგახვედროთ საინტერესო ზღაპრები და აქტივობები, რათა ყოველ ჯერზე განგაცვიფროთ. 


თქვენი მეზღაპრე ;)

3 comments:

  1. ლიგამუსს ყველაზე საინტერესო, ხალისიანი და კრეატიული მეზღაპრე ყავს!!! :)

    ReplyDelete
  2. Tamt ra magari xar. neta male gaizardos gugusha

    ReplyDelete
  3. გმადლობთ, გმადლობთ :)

    ReplyDelete